"შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა" - ხმაური 21-ე საჯარო სკოლასთან

18.09.26 15:40
"შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა" - ხმაური 21-ე საჯარო სკოლასთან

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ გადაიხედება. ამის შესახებ ცნობილი გახდა პროტესტის ფონზე გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც სკოლის სამეურვეო საბჭოსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყების წარმომადგენლების განმარტებით, სკოლაში სასწავლო პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც მათ შენობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი დასკვნა მიიღეს. მათი განცხადებით, არსებული შენობის რეაბილიტაცია მიზანშეწონილი არ არის და ის დემონტაჟს ექვემდებარება.

სამინისტროს გადაწყვეტილებას მშობლების პროტესტი და ხმაური მოჰყვა. ისინი კატეგორიულად წინააღმდეგები არიან, რომ მათი შვილები სხვადასხვა სკოლებში გადაანაწილონ.

ამ შენობაში ბავშვების შეყვანა არ შეიძლება. თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ აქ სასწავლო პროცესი განახლდეს?, - უთხრა სამინისტროს წარმომადგენელმა ადგილზე შეკრებილებს. 

სად იყო თქვენი პასუხისმგებლობა, როცა ბავშვები შეუშვით თუ ასეთ მდგომარეობაში იყო სკოლა? თქვენ დასაჭერად გაქვთ მაშინ საქმე!, - თქვეს საპასუხოდ მშობლებმა. 

მშობლები ასევე დაინტერესდნენ, არსებობს თუ არა გარანტია, რომ აღნიშნულ ადგილზე ისევ სკოლა აშენდება.  გაჟღერდა კითხვაც სამინისტროს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

ერთი კვირის ვადა ავიღეთ, ვიცით თქვენი მოთხოვნები, ვიცით მასწავლებლების მოთხოვნები, ბავშვების მდგომარეობაშ შევდივართ და ხუთშაბათს შევხვდებით, - თქვა სამინისტროს წარომადგენელმა კითხვების საპასუხოდ. 

მშობლები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულ ადგილზე სკოლის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსი აშენდეს. 

იყო სხვადასხვა დროს ამ შენობაზე ასეთი ამბები, რომ ეს უნდოდათ და ყველა მთავრობის დროს გადარჩა. ახლა, როგორც ჩანს, ახალი ტალღა წამოვიდა, ისეთი ადგილია, ქალაქის შუაგული, ცენტრია, ვიღაცას დადგმული აქვს თვალი... აქვე, ღვინის ქარხანაა, - ამბობს მოქალაქე. 

21 სკოლის საკითხზე "პირველებმა" კითხვით განათლების მინისტრსაც მიმართა. გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მათთვის ცნობილი მხოლოდ გუშინ, დღის მეორე ნახევარში გახდა და მყისიერი გადაწყვეტილების მირება მოუწიათ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მშობლების ინფორმაციით, ამის შესახებ შეტყობინება მათ სწავლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ მიიღეს.

მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სკოლის, ყოფილი მე-6, ე.წ. „გერმანული სკოლის“ შენობა ავარიულად გამოცხადდა და, როგორც მათ ადმინისტრაციამ აცნობა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასწავლო პროცესი უნდა შეჩერდეს.

ამ დროისთვის უცნობია, სად და რა ფორმით გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას. მშობლების განცხადებით, სკოლის ადმინისტრაცია მათ დაჰპირდა, რომ შემდგომი სასწავლო პროცესის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.

მსგავსი სიახლეები