აღმოჩენილია ძაღლების ახალი სამარხები თბილისში - ცხოველთა უფლებადამცველებმა მას დიღომში მიაგნეს
ცხოველების უფლება დამცველებმა თბილისში ძაღლების ახალი სამარხი აღმოაჩინეს - ორმოები ამჯერად დიდ დიღომშია ნაპოვნი.
ხალხი, რომელიც “შაბათის ეთერში“ გასული შემზარავი კადრების შემდეგ, წამების მსხვერპლი ძაღლების პოვნას მთელს ქალაქში ცდილობს, ამბობს, რომ ყველაფერი სწორედ ამ სამარხიდან დაიწყო და მონიტორინგი ქუჩიდან მოპარულ ძაღლებს სწორედ აქ მარხავდა.
მაშინ როცა უფლებადამცველების ნაწილი ათასამდე ძაღლის ახალ სამარხს ათვალიერებდა, ხმაური იყო თავშესაფრის შენობასთან. ნახვის საათებში მისულ მოქალაქეებს რკინის ჭიშკარი ჩაუკეტეს და პოლიციის ცოცხალი კედელი დაახვედრეს.
ხალხს, რომელიც ამტკიცებს რომ გუშინ ღამით ისევ გასტაცეს მიკედლებული ცხოველები, უფლება არ მისცეს ვოლიერები შეემოწმებინათ.
მიუსაფარი ცხოველების წამების საქმეზე გამოძიება დაიწყო თუმცა სამსახურში, რომელიც ბრალდებების მთავარი ადრესატია საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ.