იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია

19.09.26 13:55
იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია  და ის ამ ეტაპზე 13-ს შეადგენს. 

  • გუშინ შუადღის მონაცემებით, კლინიკაში 7 ბავშვი იმყოფებოდა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, სოფიო ცერცვაძის თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„დღევანდელი მდგომარეობით, ჰოსპიტალში რჩება 13 პაციენტი. მათი კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს აღენიშნებოდათ გასტროინტესტინური ჩივილები. ამ ეტაპზე მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მიმდინარეობს კლინიკური მდგომარეობის დინამიკაში შეფასება და მონიტორინგი“,- განაცხადა სოფიო ცერცვაძემ.

ცნობისთვის სავარაუდოდ, მოწამლული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია ციციშვილის კლინიკაშიც - როგორც "ტვ პირველს" კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ უთხრა, ციციშვილის კლინიკაში, გუშინ საღამოს დამატებით სამი პაციენტი მიიღეს. 

კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაყვანილი ბავშვების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა - ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, რეალურად რა მოხდა, ამას ახლა გამოძიება გასცემს პასუხს.