21-ე საჯარო სკოლის მშობლებმა განათლების სამინისტრო დატოვეს - დაიგეგმა კიდევ ერთი შეხვედრა

19.09.26 19:25
21-ე საჯარო სკოლის მშობლებმა განათლების სამინისტრო დატოვეს - დაიგეგმა კიდევ ერთი შეხვედრა

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლებმა განათლების სამინისტრო დატოვეს- ისინი უწყებაში დღეს, შაბათს დღის მეორე ნახევარში დაიბარეს. 

"პირველების" ინფორმაციით, მშობლებს სამინისტროში მინისტრის მოადგილე შეხვდა.

21-ე საჯარო სკოლის მშობლები ამბობენ, რომ უწყების მაღალჩინოსანს საკუთარი პოზიცია გააცნეს, დღევანდელი შეხვედრა კი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. 

მშობლების თქმით, მომდევნო შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართება. 

თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან, რომლის ავარიულობის მიზეზით გუშინ სასწავლო პროცესი გაჩერდა, მშობლები აქციას მეორე დღეა მართავენ.

მიზეზი, მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინება გახდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი ჩერდებოდა.

ამასთან დღეს ცნობილი გახდა, რა ჩაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ  21-ე საჯარო სკოლაზე გაცემულ დასკვნაში - დოკუმენტი "პირველებმა" მოიპოვა.

დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ სკოლის შემოწმება  2025 წლის სექტემბერში მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოითხოვა,  სამხარაულის ექსპერტები კი ადგილზე გასული წლის დეკემბერში მივიდნენ.

  • მუნიციპალური განვითარების ფონდი სამხარაულს სთხოვდა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეეფასებინათ 21-ე საჯარო სკოლის შენობების ტექნიკური მდგომარეობა მიმდინარე პერიოდისთვის, შენობების სეისმური მდგრადობა და რენტაბელურია თუ არა არსებული სკოლის შენობების რეაბილიტაცია.

ამის შემდეგ დაიწყეს დასკვნის მომზადება, რომელიც საბოლოოდ 10 სექტემბერს გაიცა, მაგრამ ამის მიუხედავად სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს მაინც გახსნეს, 18-ში კი დახურეს. 

დასკვნა, რომელიც 9 თვე იწერებოდა, სულ 9 გვერდიანია და მას ხელს აწერს მხოლოდ ერთი ექსპერტი, მუშაობის 2 წლიანი სტაჟით.

დასკვნაში წერია, რომ 21-ე საჯარო სკოლის შენობას ვარგისიანობის IV კატეგორია კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები