სწავლის დაწყებიდან ორ დღეში მისაქციელის საჯარო სკოლა სარეაბილიტაციოდ დაიკეტა - გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა
მისაქციელის საჯარო სკოლა, რომლის რეაბილიტაციასაც ადმინისტრაცია წლების განმავლობაში ითხოვდა, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში დაიკეტა. შედეგად, 500-ზე მეტი მოსწავლე სასწავლო პროცესის მიღმა დარჩა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება.
ერთ-ერთი ვერსიით, მოსწავლეები შესაძლოა დროებით ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანონ ან წილკნის სკოლაში გადაანაწილონ. ადგილობრივებისთვის ორივე ვარიანტი პრობლემურია - მათი თქმით, განსაკუთრებით რთული იქნება ბავშვებისთვის კვირაში ხუთი დღის განმავლობაში წილკნამდე გადაადგილება. მშობლები და ადგილობრივები ხელისუფლებისგან კონკრეტულ გეგმასა და პასუხს ელოდებიან, სად და რა ფორმით გაგრძელდება მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი.
17-ში საღამოს მოგვივიდა მესიჯები დამრიგებლებისგან, რომ სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა იმის გამო, რომ რებილიტაცია იგეგმება სკოლის და სკოლაშ ვეღარ მოიუყვანთ ბავშვებსო. შემოგვთავაზეს ალტერნატივა ჯერჯერობით ის, რომ ერთი კვირა ვიქნებით ონლაინ რეჟიმზე, ერთი კვირის მერე მოაგვარებდნენ, რომ წილკანში გადაიყვანდნენ ამ ბავშვებს. სკოლაში, სადაც თვითონაც უჭირთ კლასები და ორცვლიანზე არიან. არაფერი არ სჭირს ამ სკოლას საგანგაშო და სავიშვიშო და არიქა და დაგვენგრევა თავზე. ბავშვები ხვალიდან აუცილებლად შევლენ საკლასო ოთახებში, იმიტომ, რომ ყველა მშბელი, ყველა ბავშვი გამოვცხადდებით დილით სკოლაში, არ ვაპირებთ რამის დათმობას, დანგრევაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი - ვერ დაანგრევენ, - ამბობს მშობელი.
სკოლის დირექცია აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტლება მათთვის მოულოდნელი იყო. დირექტორი ნინო ჩეკურიშვილი ამბობს, რომ პედაგოგები და დირექცია დაბნეულია, რადგან არ იციან, როგორ და სად უნდა წარიმართო სასწავლო პროცესი.