მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა ივანიშვილის სახლთან აქციებს აანონსებს

20.09.26 17:45
მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა ივანიშვილის სახლთან აქციებს აანონსებს

მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა ივანიშვილის სახლთან აქციებს აანონსებს. სოფო ბიბილაშვილი გამოძიების მიმდინარეობითაა უკმაყოფილო. დადიანიძის დედა არ გამორიცხავს, რომ გამოძიება გარკვეულ პირებს მფარველობდეს და ამ მიზეზით ობიექტურ გამოძიებას არ აწარმოებდეს.

ველოდები გამოძიებას, რომ მიიყვანოს ეს საქმე ბოლომდე, მაგრამ იმასაც აღვნიშნავ, თუ გამოძიება არ წავა სწორი მიმართულებით, მომიწევს ქუჩაში გამოსვლა ხალხთან ერთად. ვითხოვ ჩემი შვილის პოვნას. ივანიშვილის კარამდეც რომ დამჭირდეს მისვლა, იქაც მივალ, არ დავტოვებ ამ საქმეს გაუხსნელს, - ამბობს სოფო ბიბილაშვილი.

ოჯახის ეჭვებს იზიარებს გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატიც. ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმეში რამდენიმე ახალი პირი გამოჩნდა, რომლებიც 12 წლის განმავლობაში ერთხელაც არ გამოუკითხავთ. მისი თქმით, ამ ადამიანების მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, რის გამოც დაცვის მხარე გამოძიებისგან ითხოვს დაადგინოს, ვინ აწვდის სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაციას და რა მიზნით. 

გურამ დადიანიძის საქმეში გამოჩნდმა რამდენიმე ისეთი პირი, რომლებიც აქამდე არ ყოფილან გამოკითხული. წარმოიდგინეთ, 12 წელია მიმდინარეობს მოქმედებები ამ საქმესთან დაკავშირებით, 3 წლის დაგვიანებით კონკრეტული ფაქტიდან დაიწყო გამოძიება და ეს პირები ერთხელაც არ იყვნენ საგამოძებო ორგანოში. ამ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციები ცალსახად ეწინააღმდეგება და გამორიცხავს ერთმანეთს, ეს არის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა: ვინ ტყუის, ვინ ცრუობს და რატომ აქვთ ინტერესი კონკრეტულ პირებს, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ საგამოძიებო ორგანოს და სიმართლე დაიმალოს? სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ გამოძიებას, რომ იმუშავონ ეფექტურად, - ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. 

 

12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 16 სექტემბერს ბიჭის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა პოლიციას აცნობა, რომ გამოჩნდა ახალი მოწმე, რომელიც ამტკიცებს, რომ გურიკა გაუჩინარების შემდეგ ნახა. ოჯახი მოწმის გამოკითხვას ელოდება. გამოძიება ასევე დაინტერესდა დაკარგული ბიჭის პირადი ნივთებით, რომლებიც, დედის თქმით, მისი გაუჩინარების შემდეგ მამიდასთან აღმოჩნდა.

 

მსგავსი სიახლეები