საქმის გარჩევა ამბროლაურის მერიაში - "პირველების" ინფორმაციით, მერს გუბერნიის მაღალჩინოსანი ფიზიკურად გაუსწორდა
ფიზიკური დაპირისპირება ამბროლაურის მერიაში - "პირველების" ინფორმაციით, მერს, ზაზა ქევანიშვილს თავს დაესხა და გაუსწორდა გუბერნიის მაღალჩინოსანი.
ადგილიდან გვიყვებიან, რომ დაპირისპირებას რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდა. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ დაპირისპირებამდე იყო კაბინეტის კარის აჭედვის მუქარა.
მერზე თავდამსხმელად ზურაბ ცაგურიშვილი იგივე "მჟავე" სახელდება. ის TV პირველს ეუბნება, რომ პოსტი დატოვა, ოღონდ არა მერის ცემის, არამედ პირადი სურვილის გამო, რადგან მაღალმთიან რაჭაში მუშაობა აღარ სურდა.
ვისთან რა მომოვიდა? - არავითარი კონფლიქტი მე არ მომსვლია. დაივიწყეთ ეს ნომერი! სამსახურიდან არავის გავუთავისუფლებივარ, თავად დავწერე განცხადება, რადგან ოჯახი თბილისში მყავს - მეუღლე, შვილები და გადავდივარ დედაქალაქში საცხოვრებლად. ერთი წელი ვიყავი ოჯახის გარეშე და ძალიან რთულია. ისედაც დიდი ხანია, დაგეგმილი მქონდა თბილისში გადასვლა. მერთან არაფერი მომხდარა, დავასრულეთ საუბარი"- თქვა ცაგურიშვილმა.
"პირველები" ზაზა ქევანიშვილსაც დაუკავშირდა, მაღალჩინოსანმა თავდაპირველად მისი ვინაობა ჟურნალისტს დაუდასტურა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ კითხვები ფიზიკურ ანგარიშსწორებას შეეხებოდა, ტელეფონი გათიშა. მორიგ ზარზე კი უკვე საკუთარი ვინაობა უარჰყო.
ამბროლაურის მერიაში მომხდარ დაპირისპირებაზე ინფორმაცია აქვთ ოპოზიციაშიც. "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრი ბეჟან დარახველიძე "პირველებს" ეუბნება, რომ ადგილი ჰქონდა "სერიოზულ კონფლიქტს".
მისთვის უცნობია, იყო თუ არა ადგილზე პოლიცია გამოძახებული ან გამოკითხეს თუ არა დაპირისპირებაში მონაწილე პირები.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ანა წითლიძის თქმით, კი მერმა და გუბერნიის თანამშრომელმა "ფული ვერ გაიყვეს".
ნაცვლად იმისა, რომ ამბროლაურის ადგილობრივი მახსოვრებლების პრობლემეზე იყოს ეს ხალხი ორიენტირებული, ჩვენ ვხედავთ კრიმინალურ გარჩევას, სადაც ბიზნეს წილები, რომ ვერ გაიყვეს, აი, ამბროლაურელებს, რომ მოპარეს ძალიან ბევრი ფული და ეგ ვერ გაიყვეს მერმა და გუბერნიის თანამშრომლებმა უბარლოდ ერთმანეთი ცემეს ისე, რომ ერთმანეთს თავი გაუტეხეს.
ანუ, რეალურად, ეს ნათლად მიუთითებს იმას, რომ ადგილობრივ დონეზეც ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მთავარი მოტივაციაარის საქართველოს მოქალაქეების ძარცვა კორუფციული ნწილები, შემდეგ ამ კმორუფციულინ წილებისგაყოფა, შემდეგ რომ ვერ იყოფენ ერთმანეთის ცემა-ტყეპა", - აცხადებს ანა წითლიძე.
"პირველების" ინფორმაციით, ამბროლაურის მერიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება არავის დაუწყია, რადგან პოლიციისთვის არავის მიუმართავს.