„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა. საჩივარი ეხება 2026 წლის 5 აპრილს ფეისბუქის პოსტის გამო მის სამართალდამრღვევად ცნობასა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებას. - ამის სესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
მათივე თქმით, საჩივარი დამოუკიდებელია იმ საქმისგან (განაცხადი №36296/24), რომელიც ამჟამად ევროპულ სასამართლოში განიხილება და რომელიც საექსტრადიციო პროცედურებს, ჟურნალისტის პატიმრობასა და კონვენციის 34-ე მუხლის შესაძლო დარღვევას შეეხება.
როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განმარტავს, სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მიუთითეს, რომ „ფეისბუქის“ პოსტის გამო სადიგოვის დასჯამ და გაძევებამ მისი გამოხატვის თავისუფლება დაარღვია, ხოლო სასამართლო პროცესზე მისი სამართლიანი სასამართლოს უფლებაც შეიზღუდა.
„3 აპრილს სასამართლომ სადიგოვისთვის საქართველოში მოქმედი შეზღუდვები გააუქმა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. თუმცა, 4 აპრილს ის საკუთარ სახლში დააკავეს. რამდენიმე საათში სასამართლომ მას 2 000 ლარის ჯარიმა, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა შეუფარდა. იმავე ღამეს სადიგოვი აზერბაიჯანში გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მივუთითეთ კონვენციის მე-6, მე-10 და მე-18 მუხლების დარღვევაზე. ჩვენი პოზიციით, ფეისბუქის პოსტის გამო სადიგოვის დასჯამ და გაძევებამ მისი გამოხატვის თავისუფლება დაარღვია, ხოლო სასამართლო პროცესზე მისი სამართლიანი სასამართლოს უფლებაც შეიზღუდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმე კვლავ განახლდა და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა იმავე ბრალდებებზე, რომლებზეც ადრე მისი ექსტრადიცია მოითხოვებოდა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას სტრასბურგის სასამართლოში და მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება უშუალოდ „ფეისბუქზე“ აფგან სადიგოვის მიერ დაწერილ პოსტს და რომელიც შემდგომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე წარმოების საფუძველი გახდა, სადიგოვის პოსტი ეხებოდა პოლიციის ქმედებებს მშვიდობიან აქციებზე. “სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან გაყიდონ და გათელონ ყველაფერი ხელფასისა და პოლიციის ფორმის სანაცვლოდ და ამას სიყვარულით, თავდადებითა და სიამაყით აკეთებენ“, - დაწერა სადიგოვმა „ფეისბუქში“.