„ჩირინამ“ „ყვარლის ბაგას“ 1.6 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს — უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა

23.09.26 16:57
„ჩირინამ“ „ყვარლის ბაგას“ 1.6 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს — უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის კომპანია „ჩირინას“ შორის მიმდინარე ე.წ. “რძის სკანდალის” საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც BMG-ის რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, მესამე ინსტანციამ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია “ჩირინას” ლაშა პაპაშვილისთვის 1,6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.

რევაზ ვაშაკიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და ლაშა პაპაშვილის “ყვარლის ბაგას” მესამე ინსტანციის მიერ დაკისრებული 1.6 მილიონი გადაუხადა, თუმცა ბიზნესმენი აპირებს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ - საქართველოს პროკურატურაში გაასაჩივროს, შემდეგ კი, არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართოს.

“მე არ ვებრძვი ლაშა პაპაშვილს. ბიზნესში დავა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მთავარია სასამართლო იყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი, რომლის გადაწყვეტილებებიც სამართლიანობის და კანონიერების პრინციპებს დაეფუძნება.

ჩვენ, ჩვენი ხელშეკრულების არცერთი პუნქტი არ დაგვირღვევია, მაგრამ თბილისის სასამართლომ არასამართლიანი და არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. მან არააკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნა მტკიცებულებად ჩათვალა. ასევე, არასწორად აღებული სინჯებიც მტკიცებულებად ჩათვალა. ამდენად, ჩემი აზრით, სასამართლომ კანონი დაარღვია. შესაბამისად, პრეტენზია მაქვს მოსამართლეებთან, რომლებმაც ეს გადაწყვეტილებები მიიღეს და მიმაჩნია, რომ უნდა გასამართლდნენ. პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე და მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღოს”, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ BMG-სთან. ბიზნესმენი დღეს, 21:30 საათზე BMGTV-ის გადაცემა "წერტილის" სტუმარი იქნება.

ის აპირებს, მოსამართლეების მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების მოთხოვნით - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ხოლო დანაშაულის სავარაუდო ნიშნების გამოძიების მოთხოვნით - სამართალდამცავ ორგანოებს (პროკურატურას) მიმართოს. გარდა ამისა, იგი არ გამორიცხავს, რომ დავა სტრასბურგის სასამართლოშიც გააგრძელოს.

ამასთან, რევაზ ვაშაკიძემ BMG-სთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის სურვილი არ აქვს, რადგან ეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავას ნიშნავს, თუმცა მიაჩნია, რომ სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებები მთლიანად ქვეყნის ბიზნესგარემოს აზიანებს.

„მე სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს, არავითარ შემთხვევაში არ ვებრძვი. მე ვებრძვი იმ მოსამართლეებს, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ეს გადაწყვეტილება მიიღეს - ჩემი აზრით, ისინი სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯონ... მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ. სასამართლოს შეუძლია, ნებისმიერი კომპანიის წინააღმდეგ მიიღოს ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება და მილიონობით ლარის გადახდა დააკისროს. ეს ყველაფერი კი საინვესტიციო კლიმატსა და ბიზნესგარემოს აზიანებს“, - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

როგორც BMG-სთან „ჩირინას“ ადვოკატმა, გიორგი გეწაძემ განმარტა, სტრასბურგის სასამართლოში დავა შესაძლოა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარიმართოს, რომელმაც ვერ უზრუნველყო სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, რასაც შედეგად საკუთრების უფლების დარღვევაც მოჰყვა, ვინაიდან კომპანიას 1.6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.

BMG ბიზნესდავის მეორე მხარეს - ლაშა პაპაშვილსაც ესაუბრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით არც “ყვარლის ბაგას” მფლობელია კმაყოფილი, მაგრამ მიაჩნია, რომ ახლა საუბარს აზრი არ აქვს, რადგან უზენაესმა საბოლოო განჩინება მიიღო.

“ზოგადად, არ მიხარია სასამართლოს დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა… ახლა რა აზრის აქვს ამ საკითზე ან წუწუნს ან საუბარს. როგორც გახსოვთ, თავდაპირველად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 მილიონ ლარამდე დააკისრა კომპანია “ჩირინას”, მაგრამ შემდეგ საბოლოოდ, ასე დამთავრდა… მოგეხსენებათ, მე გასაჩივრებული მქონდა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება და ვითხოვდი, სრულ ანაზღაურებას (ანუ 4.7 მილიონ ლარს), მაგრამ ფაქტობრივად, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ჩვენ მიერ მოთხოვნილი თანხის მესამედი დააკმაყოფილა. ვერაფერს ვერ ეშველება. რა კომენტარი უნდა გავაკეთო?!”, - თქვა ბიზნესმენმა და იქვე დასძინა, რომ ე.წ. “რძის სკანდალით” მერძევეობის სექტორი სერიოზულად დაზიანდა.

„რადიო თავისუფლების” ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, „ყვარლის ბაგამ”, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია, სასამართლო დავა მოუგო ჩირინას (ბიუ-ბიუ), რომელსაც 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა. გამოძიების თანახმად, 2018 წელს ყვარლის ბაგამ „ჩირინასგან” დაახლოებით 2 700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა.

ერთი წლის თავზე, „ყვარლის ბაგამ” განაცხადა, რომ ჩირინაში ნაყიდმა სკინტლმა, რომელსაც ძროხებს აჭმევდა, საქონელი დაუხოცა და 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ჩირინამ პრეტენზიები არ მიიღო და უპასუხა, რომ ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა – საკვებად.

2020 წელს ლაშა პაპაშვილის კომპანიამ „ჩირინას” სასამართლოში უჩივლა. მასალების მიხედვით, ყვარლის ბაგის 1 ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა (ნამჯაში არეულს).

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, „რადიო თავისუფლებამ” ჩამოთვლილ კომპანიებს ჰკითხა, ამოწმებდნენ თუ არა „ყვარლის ბაგიდან” მიღებული რძის ყველა პარტიას და რამდენჯერ აღმოაჩინეს მასში ანტიბიოტიკი? ასევე იცოდნენ თუ არა, რომ რძის მიმწოდებელი იმ პერიოდში ევროპაში აკრძალულ საკვებს, ქათმის ნაკელს, იყენებდა ძროხების გამოსაკვებად.

კომპანია „სანტემ” „რადიო თავისუფლებას“ მიწერა, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურდათ.

„სოფლის ნობათის” მფლობელმა კომპანია „პეპსიკომ” „რადიო თავისუფლებას“ მისწერა, რომ, „სამწუხაროდ, მაგ პერიოდის არქივი არ არის შენახული, კანონით, სამწლიანი ვადა ვრცელდება დოკუმენტების შენახვაზე. ზოგადად, თუ რძის ან ნებისმიერი ინგრედიენტის ხარისხი არ შეესაბამება „პეპსიკოს” დადგენილ სტანდარტსა და კანონმდებლობის მოთხოვნას, ჩვენი მხრიდან ასეთი ინგრედიენტი ხარვეზდება და წარმოებაში არ დაიშვება”.

კითხვაზე, იცოდნენ თუ არა, რომ რძის მიმწოდებელი იმ პერიოდში ევროპაში აკრძალულ საკვებს, ქათმის ნაკელს, იყენებდა ძროხების გამოსაკვებად, პეპსიკომ „რადიო თავისუფლებას“ მიწერა, რომ არა.

„აგროჰაბმა” „რადიო თავისუფლებას“ უპასუხა, რომ იმ პერიოდში რძეს ყიდულობდნენ “ყვარლის ბაგისგან”, არ იცოდნენ, რომ ძროხებს ნაკელს აჭმევდნენ.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში კლიენტებმა „ყვარლის ბაგის” რძეში დაახლოებით 10-ჯერ აღმოაჩინეს ანტიბიოტიკების კვალი, მაგრამ არა რძის ყველა შესყიდულ პარტიაში.

„რადიო თავისუფლების” ჟურნალისტური გამოძიება სრულად იხილეთ ბმულზე.