ტრაილერის მძღოლს, რომელსაც მარმარილოს ფილებში ნარკოტიკი უპოვეს, 18 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ტრაილერის მძღოლს, რომელსაც მარმარილოს ფილებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი უპოვეს 18 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. ადვოკატი ამბობს, რომ მეისამ რაჰიმს წარმოდგენა არ ჰქონდა რა იდო შეფუთულ ფილებში რადგან ამის პოვნა მხოლოდ ფილების დამტვრევით იქნებოდა შესაძლებელი. სამაგიეროდ, უფლებადამცველი ამბობს, რომ ის, ვინც საქართველოში ტვირთს ელოდებოდა, გამოძიებას არც კი გამოუკითხავს - ირანელი მძღოლის საქმე აპელაციაში მიდის.
საქმეში არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბეისამ ბრაჰიმის მიერ საქართველოში 50 მილიონის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას. ამ ცხრა თვის განმავლობაში ბრალდების მხარეს მივმართავდი, რომ ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედება. მიზანმიმართულად არ ახდენდნენ საქმის გამოძიებას. საქართველოში ვინც ამ ტვირთს ელოდებოდა, კომპანიის მინდობილი პირები, ისინი ქართველებიც არ გამოკითხეს თუ უცხოელები. მიზანმიმართულად არ ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს. ინფორმაცია, ჩატვირთვის პროცესის ვიდეო გამომიგზავნეს, რომ შუადგომლობით მივმართე გამოითხოვეთ მეთქი, არ გამოითხოვეს ვიდეო. მარმარილოს ფილები, რომლებიც იყო შეფუთულ მდგომარეობაში, საერთოდ შემხებლობა არ ჰქონდა, შემხებლობა ვერ დაუდგინეს. ვიდეო გადაღება არ არის წარმოებული ჩხრეკის დროს, დნმ არ არის დადგენილი, შემხებლობა არ დგინდება საერთოდ ამ ნარკოტიკულ საშუალებებთან",- აცხადებს ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 31 დეკემბერს 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ბრიფინგზე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, "წითელი ხიდის" გავლით შემოვიდა. 50 მილიონი ლარის ღირებულების "ჰეროინის" გადატანას "მარმარილოს ფილებით" ცდილობდნენ.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.