ადვოკატის ცნობით, სუს-ის წარმომადგენელმა სასამართლოზე თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობამდე, ადგილზე პირადად იყო ჩასული
ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, დღეს სასამართლოზე თქვა, რომ 2019 წლის იანვარში ვიდრე ჩორჩანაში საგუშაგო მოეწყობოდა, ადგილზე პირადად იყო ჩასული და თავად დააფიქსირა შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ყვითელი მონიშვნები.
არადა მაშინდელი სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაური ამტკიცებს, რომ ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმის შესახებ არაფერი იცოდა.
ნაწილობრივ გაიმეტა გახარია კი არა, ნაწილობრივ ვერ გაექცა იმ რეალობას, რა რეალობაც ობიექტური რეალობაა და ეს რეალობაა ის, რომ 2019 წლიდან მოყოლებული მონიშვნები არსებობდა ჩორჩანის ტყეში, გაკვალული იყო ბილიკები და ეს, როგორც ბორდერიზაციის წინაპირობები პირდაპირ მიანიშნებდა ტერიტორიულ პრეტენზიებზე.
ირაკლი ანთიძე არ არის ის თანამდებობის პირი, რომელსაც შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე ტიპის კავშირი გიორგი გახარიასთან, კი სუს-ს ჰყავდა გაგზავნილი ადგილზე, მათ შორის იმ დღეებშიც, მათ შორის მის განცხადებებთან დაკავშირებითაც ვკითხეთ და მათ შორის მან დაადასტურა, რომ 2019 წლის იანვარში თავად იმყოფებოდა ჩორჩანის ტყეში და თავად დააფიქსირა შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ყვითელი მონიშვნები ადგილზე. ეს ნაწილი ნამდვილად არ ნიშნავს გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას, თუმცა, შეტყობინების ნაწილი, რომ თითქოს სუს-ის არ იყო ინფორმირებული ეგ ნაწილი ცალკე შეფასების საგანია", - აცხადებს ბერდია სიჭინავა.
მიუხედავად იმისა, რომ ანთიძემ ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობამდე ჩასვლა დაადასტურა, პროკურატურა მაინც ირწმუნება, რომ სუს-ი საგუშაგოს აღმართვის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
შეგიძლიათ დაგიდასტუროთ, რომ სუს-ი არ იყო ინფორმირებული ამ საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით. ეს მოწმის ჩვენებით დასტურდება. ასევე არ იყო ინფორმირებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოწმემ გამორიცხა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებული ყოფილიყო", - ამბობს პროკურორი.
- საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.