მედია: დაკავებული ბელარუსის მოქალაქე ლევ მიხეევი საქართველომ სომხეთში გააძევა, სადაც ასევე დააკავეს
დაკავებული ბელარუსის მოქალაქე ლევ მიხეევი საქართველომ სომხეთში გააძევა, სადაც ის ასევე დააკავეს, რადგან მას ბელარუსის ხელისუფლება ეძებს და დსთ-ს ქვეყნების სახელმწიფოთა ძებნილთა ბაზაშია. ამის შესახებ გამოცემა დამოუკიდებელ ბელარუსულ გამოცემა „პოზირკს“ თავად ლევ მიხეევმა განუცხადა, რომელიც საქართველოში თავშესაფარს 2021 წლიდან ელოდებოდა.
გამოცემის ცნობით, მიხეევს, რომელიც საქართველოში თავშესაფარს 2021 წლიდან ელოდებოდა, ქვეყნიდან გაძევებამდე ორი ვარიანტი შესთავაზეს: საქართველოდან „ბორკილებით გაგდება“ ან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება ისე, რომ თავად აერჩია, სად წავიდოდა, თუნდაც ბელარუსში. “პოზირკის” თანახმად, მან სამშობლოში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, რადგან „თავშესაფარი სწორედ იმიტომ ითხოვა, რომ სამშობლოში დევნიდნენ“. “აქტივისტმა ცოტა დრო ითხოვა, თუნდაც დროებითი პირადობის მოწმობის ვადის ამოწურვამდე (9 ოქტომბერი), მაგრამ ქართველმა ძალოვანებმა უარი უთხრეს”.
მიხეევის თქმით, სომხეთი მან თავად აირჩია. ასევე ის ირწმუნება, რომ დეპორტაციის სასამართლო პროცესი არ გამართულა, ის „აიძულეს, ხელი მოეწერა ბევრი ქაღალდისთვის“ ქართულ ენაზე, რომელთა მნიშვნელობაც არ ესმოდა. „მივხვდი, რომ მათთან რამეზე კამათი რთულია. ჯანდაბას, იყოს სომხეთი. და პროცესიც დატრიალდა“, — განმარტა მიხეევმა.
„კაბინეტიდან კაბინეტში მატარებდნენ. ექიმი მოვიდა, საცვლების ამარა გამხადა… ეს საშინელება იყო. შემდეგ სახლში წავედით, რამდენიმე ნივთი შევაგროვე, დეპარტამენტში წავედით. მერე ფურგონით მომიყვანეს აქ (საზღვარზე) და გარეთ გამაგდეს“, - თქვა ბელარუსმა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეევი საქართველოში დააკავეს. როგორც გამოცემა Pozirk-ს მისმა უფლებადამცველმა რომან კისლიაკმა უთხრა, საქართველოში ის სხვადასხვა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა და ბელარუსის KGB-სგან მუქარას იღებდა. მათივე ცნობით, 25 სექტემბრის დილას მიხეევი სოფელ მარტყოფში მდებარე საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის სამმართველოში დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გასაახლებლად მივიდა. იქ ის დააკავეს და გასაუბრებისთვის თბილისში, დეპარტამენტში გადაიყვანეს. ამის შემდეგ მასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყდა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ის სომხეთში გააძევეს.
"პირველებს" შსს-ში განუცხადეს, რომ ბელარუსის მოქალაქე ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე (არალეგალურად) იმყოფებოდა.
უწყების თქმით, ლევ მიხეევმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საქართველო დატოვა მისთვის უსაფრთხო მესამე ქვეყნის მიმართულებით.
აღნიშნულმა პირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მომართა.
მიგრაციის დეპარტამენტმა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დადგენილი სტანდარტების სრული დაცვით განახორციელა საქმის შესწავლა და ლევ მიხეევს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე, ვინაიდან არ არსებობდა კანონით დადგენილი სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება პირმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. ორივე ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია და ძალაში დატოვა დეპარტამენტის გადაწყვეტილება.
შესაბამისად ის ქვეყანაში იმყოფებოდა კანონიერი საფუძვლის გარეშე (არალეგალურად).
"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად იგი დაკავდა და მოთავსებულ იქნა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომი გაძევების მიზნით.
დაკავების შემდგომ, ლევ მიხეევს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განემარტა, რომ ქვეყანაში იმყოფებოდა კანონიერი საფუძვლის გარეშე და შეეთავაზა დაეტოვებინა ქვეყანა ნებაყოფლობით, მისთვის სასურველი ნებისმიერი მიმართულებით.
ლევ მიხეევმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საქართველო დატოვა მისთვის უსაფრთხო მესამე ქვეყნის მიმართულებით.