რუსეთი დიდი ხანია ცდილობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დაიძაბოს - ბიბილაშვილი

26.09.26 13:22
რუსეთი დიდი ხანია ცდილობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დაიძაბოს - ბიბილაშვილი

ოფიციალური ბაქოს პასუხი საქართველოს საპატრიარქოს - "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ფიქრობს, რომ ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის ირგვლივ მიმდინარე საკითხით რუსეთია დაინტერესებული.

მისი თქმით, სწორედ რუსეთი ცდილობს დიდი ხანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დაიძაბოს.

ბიბილაშვილის თქმით, არა მარტო ისტორიულ ჰერეთში, არამედ ოკუპირებულ ტერიტოერიასა და თურქეთში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე არ არის გამოხატული არანაირი ზრუნვა საქართველოს მთავრობის მხრიდან.

რუსეთი ძალიან დიდი ხანია ცდილობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დაიძაბოს. თუ ჩვენ წარსულსა და ისტორიაზეა საუბარი, მაშინ მე ვერ ვიხსენებ განცხადებას, რომელიც გაკეთებულ იქნა ანა საპატრიარქოს მხრიდან ან საქართველოს მთავრობის მხრიდან ილორის ტაძრის ვანდალიზებასთან დაკავშირებით ან იმ ძეგლებთან დაკავშირებით, რომლებიც დარჩენილია საოკუპაციო ხაზს მიღმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. არ არის  გამოხატული არანაირი ზრუნვა თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ უდიდეს ძეგლებთან დაკავშირებით", - ამბობს ზაზა ბიბილაშვილი. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ გამოხმაურებია ოფიციალური ბაქოს სახელით ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის ირგვლივ გავრცელებულ განცხადებას და ბრალდებებს საპატრიარქოს მისამართით.

შეგახსნებეთ, რომ 24 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები შემაშფოთებელია, რადგან მათი მიზანი და საფუძველი გაურკვეველია. განცხადების მიხედვით, საპატრიარქოს აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებებისგან ამ სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია და კითხვები აქვს — რა სამუშაოები ტარდება, რა კვლევებს ეფუძნება ისინი, ვინ ახორციელებს და როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.

აზერბაიჯანის მხარემ საპატრიარქოს გუშინ განცხადებითვე უპასუხა, სადაც იწმუნება, რომ მათ ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა  და სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

შესაბამისად,  მათი თქმით, საპატრიარქოს პოზიცია ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ და მეგობრულ ურთიერთობებს ეწინააღმდეგება.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მიუღებელია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება. 

მსგავსი სიახლეები