"ვითხოვთ ხელისუფლების ჩართულობას" - „სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს
„სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მათი განცხადებით, კუთვნილი თანხების დაბრუნებას 570 ოჯახი ელოდება.
აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პროცესში ჩართვისა და კონკრეტული მექანიზმების შემუშავებისკენ მოუწოდეს, რომლებიც ასობით დაზარალებულისთვის ზარალის ანაზღაურებას უზრუნველყოფს.
დაზარალებულები ასევე ითხოვენ კომპანიის დირექტორის, გიორგი მურუსიძის საქართველოში ექსტრადირებას. გავრცელებული ინფორმაციით, მურუსიძე ამჟამად იტალიაში იმყოფება.
უკვე მეოთხე დღეა, რაც პერმანენტული აქციები დავიწყეთ, არ ვიშლებით. ვითხოვთ ერთადერთს: ხელისუფლების ჩართულობას. გამოგვეხმაურეთ, დაგვეხმარეთ, - ამბობს აქციის მონაწილე.