ევროკავშირმა რუსი მოსამართლეები და პროკურორები დაასანქცირა

29.09.26 10:12
ევროკავშირმა რუსი მოსამართლეები და პროკურორები დაასანქცირა

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 10 პირს, რომლებიც, ევროკავშირის საბჭოს შეფასებით, რუსეთში დემოკრატიული ოპოზიციის რეპრესიებს უჭერდნენ მხარს და დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას მნიშვნელოვნად აზიანებდნენ. სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე და გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი, რომლებიც მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტია „იაბლოკოს“ 2026 წლის სექტემბრის სახელმწიფო დუმის არჩევნებში ფედერალური სიით მონაწილეობის აკრძალვის საქმეში.

შავ სიაში მოხვდნენ ასევე მოსამართლე და სახელმწიფო ბრალმდებელი, რომლებიც მონაწილეობდნენ „იაბლოკოს“ პოლიტიკოს ლევ შლოსბერგის საქმეში. შლოსბერგს რუსეთის არმიის „დისკრედიტაციისა“ და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებული ე.წ. „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელების ბრალდებით 11 წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

სანქციები შეეხოთ ასევე „იაბლოკოს“ სხვა ლიდერების - მაქსიმ კრუგლოვისა და ნიკოლაი რიბაკოვის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებში მონაწილე პირებს. სანქცირებულებს ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივები გაეყინებათ, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთვის ფინანსური და ეკონომიკური რესურსების მიწოდება ეკრძალებათ. 

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, „იაბლოკო“ იყო ერთადერთი პოლიტიკური პარტია რუსეთში, რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს.