„თქვენ გმირები და უკვე გამარჯვებულები ხართ“ მუსელიანცის მიმართვა თანამებრძოლებს
„თქვენ გმირები ხართ და უკვე გამარჯვებულები ხართ“, - ამ სიტყვებით მიმართავს თანამებრძოლებს აქციებზე დაკავებული არჩილ მუსელიანცი. მისი განცხადებით, ციხის კედლებშიც აღწევს მხარდამჭერების „სითბო და სიყვარული“, მათი ბრძოლა კი ძალას აძლევს, თავადაც განაგრძოს ბრძოლა.
2 წამით თვალები დახუჭეთ და დაფიქრდით, რა გაქვთ გადატანილი და გამოვლილი რეჟიმის ხელში? რეჟიმთან ბრძოლაში რაზე გაქვთ უარი ნათქვამი? რის დათმობა გიწევთ იმისთვის, რომ ქვეყნის სამსახურში მდგარიყავით? ნუთუ ეს გმირობა არ არის? დიახ არის, თქვენ გმირები ხართ! თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის.
თქვენი მხარდაჭერა, სითბო და სიყვარული ციხის ცივ კედლებშიც შემოდის. თქვენი შეუპოვარი ბრძოლა მაძლევს ძალას ვიბრძოლო თქვენთვის. სამშობლო მარტო მთა და მინდვრები არ არის, სამშობლო ხალხიც არის, - წერს მუსელიანცი.