"მინისტრი ჩვენი კოლეგის გათავისუფლებას ითხოვს" - ექიმებს აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს - მედიკოსები მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძის სამსახურიდან მოსალოდნელ გათავისუფლებას აპროტესტებენ.
მედიკოსების მტკიცებით, ბოლქვაძეს სამსახურიდან წასვლას მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ითხოვს. ექმების თქმით, ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელისი გათავისუფლების ურიდიული საფუძველი არ არსებობს.
ადგილზე შეკრებილების თქმით, საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტს, როდესაც კლინიკაში მაღალი მომართვიანობისა კონკრეტული პაციენტის მიღება დროულად ვერ მოხერხდა. რა დროსაც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის კითხვაზე, თუ სად უნდა გადაეყვანათ პაციენტი, ჯუმბერ ბოლქვაძემ „სიტყვის მასალად უპასუხა, რომ „მინისტრთან წაეყვანათ“.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, რომ სამინისტრო აუდიოჩანაწერის საფუძველზე ითხოვს ექიმის გათავისუფლებას, რაც მათივე შეფასებით უსამართლო გადაწყვეტილებაა.
ექიმების თქმით, ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლების შემთხვევაში, კლინიკას სხვა ექიმებიც პროტესტის ნიშნად დატოვებენ.
„გადაწყვეტილება სამართლებრივი არ არის, მას იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. აღნიშნულმა ექიმმა არაერთი პაციენტი გადაარჩინა და მისი გათავისუფლება არ უნდა მოხდეს. ბატონ ჯუმბერს კლინიკის დატოვებას სთხოვენ, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით — სწორედ მის მიერ არის ეს განყოფილება და სხვადასხვა პროექტები შექმნილი. ის წლებია აქ მუშაობს, ამიტომაც გამოვედით და სოლიდარობას ვუცხადებთ მას, მით უმეტეს, რომ არანაირი სამედიცინო გადაცდომა არ ჰქონია.
იმ შეხვედრას თავად ჯანდაცვის მინისტრი სარჯველაძეც ესწრებოდა. ეს ზოგადი ფრაზა იყო და ჩანაწერში კონკრეტულად რომელიმე მინისტრი არც უხსენებია. სამწუხაროდ, არც პერსონალის და არც პაციენტის ბედი არავის ადარდებს, შეხვედრაზე კითხვის დასმის შესაძლებლობაც კი არ მოგვეცა. საბოლოოდ, ის პაციენტი ისევ ჩვენ მივიღეთ და გავუწიეთ დახმარება“, - აცხადებენ ექიმები.