მოვითხოვ, დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელი პოლიციელები - 23 წლის სტიქაროსნის დედა პროკურატურას ვადას აძლევს
23 წლის სტიქაროსნის ბურუსით მოცული გარდაცვალება - შვილმკვდარი დედა პროკურატურას რამდენიმე დღიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობს, რომ აქციებს გაარძელებს.
ნინო გვიშიანი ასახელებს იმ პოლიციელების გვარ-სახელებს, რომელთა დასჯასაც მოითხოვს.
დედის თქმით, მისი 23 წლის შვილი სწორედ პოლიციელებმა მოკლეს დევნის ოპერაციის დროს.
მათმა მოგვცეს პირობა, სიტყვა მოგვცეს, რომ კიდევ ერთხელ განიხილავენ ამ საქმეს, თუმცა გამიჩნდა კითხვა, აქამდეც ხომ შეიძლება გადაეხედათ. სიტყვას შეუძლია ადამიანი გააჩეროს, მაგრამ მე გეუბნებით, რომ მე ვერ გამაჩერებენ. მე ვარ ცოცხალი იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანო.
ჩემი მოთხოვნაა, რომ კახაბერ ნებიერიძე, ლაშა ლაბუჩიძე, ჩარჩხალია, ლიკლიკაძე და აბჟანდაძე პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები.
ჩემი შვილის გვამის ლპობა იყო დაწყებული, სამი დღის მანძილზე ჰყავდათ თავჩამხობილი - მდინარეში ჩააყუდეს კვალის წაშლის მიზნით"- ამბობს ნინო გვიშიანი.
დღეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე ორი წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას, ნინო გვიშიანს შეხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ბეჟუაშვილი.
სწორედ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეს
- შეგახსენებთ, რომ ქუთაისი - თერჯოლის მაგისტრალზე მომხდარ ფაქტზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ერთი წლის წინ გამოაქვეყნა.
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის წარმომადგენლებმა მოიპოვეს ვიდეო-მტკიცებულებები. სოფელ სიმონეთში, ერთ-ერთ ფერმაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს დევნის ოპერაცია დაუსახლებელ ადგილას.
ჩანაწერის მიხედვით:
- 2024 წლის 25 აგვისტოს 22 საათსა და 28 წუთზე თერჯოლის რაიონული სამმართველოს კუთვნილი პიკაპი ფერმასთან ჩნდება ამ ადგილი დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით მდინარის პირას სტიქაროსანი გარდაცვლილი ნახეს.
- კადრში ჩანს, რომ პოლიციელები სტიქაროსან ფერმის გარშემო ფანრებით ეძებენ. მანქანა დაუსახლებელი ტერიტორიიდან 7 წუთში, 22 საათსა და 34 წუთზე მიდის. [დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ამ დროს სასტიკად სცემეს და შემოაკვდათ].
მაშინ, ადგილზე მისულ "შაბათის ეთერთან" პოლიცია, არ აღიარებდა, რომ 23 წლის სტიქაროსნის მინდორ მინდორ ეძებდა. წესით, დევნის სპეცოპერაცია ნახშირღელის პოლიციის შენობაზე დამონტაჟებული კამერებსაც უნდა დაეფიქსირებინათ, თუმცა ეს ჩანაწერები გამქრალია.
თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.
მომწეები, რომელთა ჩვენებები საქმეში დევს, ამტკიცებენ, რომ თემო ხადურმა ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა ლაბუჩიძის მანქანა დააზიანა, ამ დროს ადგილზე თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახაბერ ნებიერიძე მივიდა. ამ წუთიდან სტიქაროსნის კვალი იკარგება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ თემო ხადურის დევნას ოპერაცია დაიწყო და მოხდა ჰაერში გასროლაც.