სავარაუდო სექსუალური ძალადობა დეესკალაციის საკანში - რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო

03.10.26 12:59
სავარაუდო სექსუალური ძალადობა დეესკალაციის საკანში - რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო

 

 

ხმაურით დაიწყო აქცია რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხესთან - სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პატიმრის მხარდამჭერები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე ვითარება რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო დაძაბული. ხალხი კითხვებზე პასუხებს ითხოვს, რა მოხდა  მეექვე დაწესებულებაში და ამ დრომდე რატომ არ უშვებენ სამსახურიდან უმძიმეს დანაშაულში მხილებულ ბადრაგებს.

გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან მივიდნენ უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და პროევროპულ აქციაზე დაკავებული პატიმრების მშობლებიც. 

პატიმრის ოჯახის წევრები და ადგილზე შეკრებილები ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. 

 

დაუყოვნებლივ გადაყენებული იქნას ამ მომპალი ციხის ხელმძღვანელი პირი შოთა ტრაპაიძე, ყველა დამნაშავე პირი, ვინც ჩემი შვილი აწამა და ამ წამებაში მიიღო მონაწილეობა. ასევე მივმართავ საერთაშორისო, ადამიანი უფლებების დამცველ ყველა ორგანიზაციას, მივმარტავ ყველა საელჩოს, რომ აი ეს ფაქტები მთელ მსოფლიოს აცნობონ", - ამბობს ავთანდილ დავითაძე. 

ეს გიორგიმ მხოლოდ მის გამო არ გააკეთა, გააკეთა იმ პატიმრების გამოც, ვინც ციხეში სხედან, რომ ამის შემდეგ მაინც იყვნენ დაცულები. სხვა პატიმრებზეც ძალადობენ და იმედი მაქვს ისინიც მოძებნიან თავის თავში გამბედაობას, გამოვლენ და ისინი ილაპარაკებენ. გაასაჯაროონ სრული კადრები და თან ხმით, რომ გაიგოს საზოგადოებამ, რას ეძახიან გიორგის იქ", - ამბობს დედა ირმა დავითაძე. 

რა მოხდა რუსთავის ციხეში:

პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს  დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. 

შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს -  შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.

პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს -  ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.