ექიმი რა მიზეზით უნდა ესწრებოდეს ჩხრეკას? - რეზო კიკნაძე პატიმარ გიორგი დავითაძეზე გავრცელებულ კადრებს ეხმაურება
პროევროპულ აქციაზე დაკავებული რეზო კიკნაძე, რომელიც უკვე ორი წელია ციხეში ზის, პატიმარ გიორგი დავითაძეზე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება - როგორც პატიმარი "პირველებს" ეუბნება, ბევრი შეუსაბამობაა პენიტენციურის თავის მართლებასა და კადრებს შორის.
კიკნაძე დარღვევად აფასებს მთელ პროცედურასაც, რომელსაც პენიტენციური ჩხრეკას უწოდებს.
მსჯავრდებული სვამს კითხვას, თუ მართლა ჩხრეკას ჰქონდა ადგილი გიორგი დავითაძის მიმართ, რა საჭირო იყო პატიმრის გადახრა, როცა პენიტენციურს მეტალო-დეტექტორები აქვს, რომელიც დავითაძეს დეესკალაციის ოთახში შეყვანამდე უნდა გაევლო - ან რა საჭირო იყო ექიმი, თუ მსჯავრდებულზე ძალადობა თავშივე არ იყო გადაწყვეტილი?
შემძრა პატიმარზე აშკარა ძალადობის კადრებმა. უამრავი შეუსაბამობა რომ არის პენიტენციურის საცოდავ თავის მართლებასა და ვიდეოს შორის, მაგას ბრმაც კი შეამჩნევს. დეესკააციაში მეც მომიწია ყოფნა ერთხელ, მიზეზი დრემდე არ ვიცი და ჩხრეკაც არაერთხელ გამომივლია. ჯერ ერთი პატიმრის სხეულის შემოწმება არასდროს ხდება საკანში ან ჩვეულებრივ სამყოფელში, მითუმეტეს კამერების თვალწინ. ამისთვის სპეციალური ოთახი აქვთ, სადაც ან ფარდაა ჩამოფარებული ან შირმის მსგავსია ბარიერად და გამოწმებს ერთი ადამიანი, ნაცვლად მხეცთა ხროვისა. ამ პროცესს თან არაფერი არ ახლავს ისეთი, რომ ბევრს მოუნდეს ყურება. გენიტალიებზე შეხება არამც და არამც არ ხდება. მაქსიმუმი ბუქნების გაკეთებაა. ან სად გინახავთ ჩხრეკა იმ პოზით, კეფაზე დადებული ხელით და მოხრილ მდგომარეობაში. მეტალო-დეტექტორს იყენებენ, სპეციალური აპარატი ისედაც აქვთ რენტდგენის. დეესკალაციის ოთახში სეყვანამდე ისედაც გავლილი ექნებოდა ეს შემოწმება იმ აპარატზე. ანუ, ეს ადამიანი უკვე იყო შემოწმებული და სუფთა, შესაბამისად, არავითარი საჭიროება არ იქნებოდა ხელების ყოფის. ან ექიმი რა მიზეზით უნდა ესწრებოდეს ჩხრეკას, თუ ეს მართლა ჩხრეკაა და არა ძალადობა პატიმარზე.
თავად მათი დადებული ვიდეო ხომ ადასტურებს, რომ სიმართლე იყო პატიმრის განცხადება გაუპატიურებასთან დაკავშირებით", - ამბობს რეზო კიკნაძე.
რა მოხდა რუსთავის ციხეში:
პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს - ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.