პირადი ფოტოების გავრცელებისა და გამოძალვის საქმეში 10-ზე მეტი დაზარალებულია - ყველა მათგანი მამაკაცია | ახალი დეტალები
თანასოფლელების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებული პირი დანაშაულს არ აღიარებს.
„პირველებმა“ გაარკვია, რომ სისხლის სამართლის საქმეში ათზე მეტი დაზარალებული ფიგურირებს და ყველა მათგანი მამაკაცია.
ამ ეტაპზე უცნობია, როგორ მოიპოვა ბრალდებულმა მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა - უკანონოდ შეაღწია მათ კომპიუტერულ სისტემაში თუ კადრები თავად გადაიღო. აღნიშნული გარემოებების დადგენა გამოძიების ერთ-ერთი საკითხია.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მოპოვებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებდა და მათი წაშლის სანაცვლოდ დაზარალებულებს თანხის ელექტრონულად გადარიცხვას სთხოვდა.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურამ მუხლი გადაკვალიფიციროს.
პროკურატურა ედავება გამოძალვას, ჯერჯერობით შანტაჟს - არა. შეიძლება შეიცვალოს. დუმილის უფლებას იყენებს ჯერჯერობით და არ ვიცი მერე რა პოზიციას აირჩევს. სრულწლოვნები არიან, გოგონები არ არიან, მამაკაცები არიან, 10-ზე მეტია. პატიმრობა აქვს შეფარდებული, - ამბობს ელგუჯა გავაშელი.
უფლებამდაცველი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები მარნეულში არაერთია და ახლა უკვე მამაკაცების შანტაჟზეც გადავიდნენ.
ბოლო 3 წელია ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა მარნეულში და არტაერთმა ადმაიანმა მოგვმართა. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ვეხმარებით. ახლა გადავიდნენ მამაკაცებზე, მათიუ უმრავლესობა ამ ყველაფერს აკეთებს ხოლმე ტიკ-ტოკზე და მალე ხან აუქმებენ, ფულს სთხოვენ. არის არაერთი ადმაიანი, რომელიც ვერ მიმართავს პოლიციას. არასრუწლოვნებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ეშინიათ საზოგადოების ზეწოლის, - ამბობს სამირა ბაირამოვა.
გამოძალვის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში თანასოფლელებს, თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი გარკვეული ოდენობის თანხის ელექტრონულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა.
მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 2 000 ლარამდე შეადგინა.