პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა "პირველების" ინფორმაცია, რომ პატიმარი რუსთავის ციხეში გარდაცვლილი ნახეს
პენიტენციურმა სამსახური ადასტურებს, რომ პატიმარი რუსთავის ციხეში გარდაცვლილი ნახეს. უწყებამ მომხდარი ოფიციალურად მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ინფორმაცია "პირველებმა" გაავრცელა.
პენიტენციური განმარტავს, რომ გარდაცვალების მიზეზი სუიციდია და გამოძიებაც შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს.
პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 2026 წლის 2 ოქტომბერს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული 2023 წლიდან (სასჯელის დასრულების თარიღი – 2028 წელი) იმყოფებოდა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიდა 20-კაციან საკანში. გარდაცვალების დღესაც, ვინაიდან შემთხვევა მოხდა დილის საათებში, მისი თანამესაკნეები იმყოფებოდნენ საკანში.
პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან და გამოძიებისთვის უკვე მიწოდებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი მასალა, - ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „პირველებს“ გარდაცვლილის ოჯახის წევრი უყვება. პატიმრის მამიდის განცხადებით, ოჯახს პარასკევს შეატყობინეს, რომ მსჯავრდებული იაკობ გულედანი საკანში გარდაცვლილი ნახეს.
გარდაცვლილის მამიდა „პირველებთან“ სატელეფონო ინტერვიუში საქმის გარემოებებზე საუბრობს. ქალი ამბობს, რომ ცხედარს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ოჯახი პენიტენციური დაწესებულების ვერსიას - სუიციდს, კატეგორიულად გამორიცხავს.