ომბუდსმენი ამბობს, რომ არის თუ არა „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი „დებულებაში უნდა ვნახოთ“
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში პატიმარ გიორგი დავითაძის თითით გაუპატიურება არ ჩანს.
როგორც მან დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა, მას შემდეგ, რაც დავითაძემ მიმართა, მისმა წარმომადგენლებმა ნახეს, მსგავსი ფაქტი არ ჩანს.
თუმცა, მისივე თქმით, გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მაშინვე მიმართეს და სწორედ გამოძიების შედეგად დადგინდება სიმართლე.
“კადრებში, რაც ჩვენ ვნახეთ, არ ჩანს, რომ ვიღაცამ ის თითით გააუპატიურა[...] მნიშვნელოვანია, რომ ამის იქით გამოძიებამ გასცეს პასუხი. ერთი არის ფაქტი, რომ ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს[...] დღეს რატომღაც ითხოვენ ჩემგან, რომ მე ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის“, - განაცხადა ლევან იოსელინმა.
ჟურნალისტი დაინტერესდა:
დიანა ტრაპაიძე: დავითაძე ამბობს, რომ თითით შეღწევა იგრძნო ორგანიზმში. ეს დათვალიერების პროცედურის ნაწილია?
ლევან იოსელიანი: ეს დებულებაში როგორ არის გაწერილი, იქ უნდა ვნახოთ, ალბათ. რამდენად არის საშუალება, რომ ასე სიღრმისეულად დაათვალიერონ. თუმცა ის, რომ უნდა დათვალიერდეს, მათ შორის დეტექტორით და სკანერით, ეს დებულებაში გაწერილია.
დიანა ტრაპაიძე: მაგრამ თითით, რეზინის ხელთათმანით, ეს დათვალიერების პროცედურის ნაწილია?
ლევან იოსელიანი: ეს ხომ მისი განცხადებაა, ამ კადრებში ეს ხომ არ ჩანს?
დიანა ტრაპაიძე: რაც არ ჩანს, გამორიცხულია?
ლევან იოსელიანი: რაც არ ჩანს, უნდა გამოიძიოს პროკურატურამ.
ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.