TI: „იბეროილმა“ უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა

06.10.26 12:19
TI: „იბეროილმა“ უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა

2026 წლის 14 აგვისტოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა და საბითუმო დისტრიბუტორმა, შპს „იბეროილმა“, რომლის მესაკუთრეებსაც ყოფილ შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან საერთო კომპანია აქვთ, ელექტრონულ აუქციონზე 493 000 ლარად  სახელმწიფო მიწის ორი ნაკვეთი (1 400 და 429 კვ.მ) შეიძინა. ნაკვეთები თბილისში, იუმაშევის ქუჩაზე, კომპანიის ნავთობბაზასთან მდებარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ნაკვეთის შეძენიდან სამ დღეში, 17 აგვისტოს, „იბეროილის“ ოთხიდან სამმა მესაკუთრემ და კომპანიის დირექტორმა „ქართულ ოცნებას“ 160 000 ლარი შესწირეს. ირაკლი პეტრიაშვილმა და სიმონ გეგელაშვილმა თითომ 50 000 ლარი შესწირა, დავით ალიბეგაშვილმა და დირექტორმა მიხეილ ნიკოლეიშვილმა კი თითომ – 30 000 ლარი.

როგორც ორგანიზაცია წერს, „იბეროილს“ ამ ქუჩაზე სახელმწიფო მიწა ადრეც აქვს შეძენილი. 2020 წლის ივლისში კომპანიამ მომიჯნავე, 5 702 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი 521 000 ლარად შეიძინა. იმ დროს ნაკვეთი სარეკრეაციო ზონაში მდებარეობდა. კომპანიის მოთხოვნით, თბილისის საკრებულომ ნაკვეთს ჯერ სატრანსპორტო ზონის სტატუსი მიანიჭა (2020 წლის 8 დეკემბერი), შემდეგ კი სამრეწველო ზონის (2021 წლის 6 აგვისტო).

TI-ის თანახმად, 2023 წლის აპრილში ეს ნაკვეთი გადაეცა შპს „ატფ“-ს, ყოფილ შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან დაკავშირებულ კომპანიას. „ატფ“-ში ჭიკაიძეს 17% ეკუთვნის, 50% კი შპს „იბერ ინვესტს“, რომელიც „იბეროილის“ მესაკუთრეებს და თავად „იბეროილს“ ეკუთვნის.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ცნობით, „იბეროილის“ მესაკუთრეებს და დირექტორს 2016 წლიდან „ქართულ ოცნებისთვის“ 1 220 000 ლარი აქვთ შეწირული.

მსგავსი სიახლეები