ელისო კილაძე პროცესზე ალაპარაკებას აანონსებს - ვის დასჯას ითხოვს ჟურნალისტი
ჟურანლისტ ელისო კილაძის პროცესი დღეს ისევ პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება - ჩვენებას ის გამომძიებელი მისცემს, რომელმაც ჩხრეკა და გამოკითხვების სერია ჩაატარა. ასევე პროკურატურას მოწმედ ჰყავს მიყვანილი ის ექსპერტები, რომლებმაც აუდიო მასალის ექსპერტიზა ჩაატარეს.
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ აუდიო მასალაში ელისო კილაძის და გივი ჯიბლაძის ხმები ისმის.
დაიკითხება სასამართლო პროცესზე აუდიო ექსპერტი, რომელმაც დასკვნა გასცა. ამ დასკვნით, დადგენილია, რომ აუდიო-ჩანაწერები, რაც საქმეზეა გამოთხოვილი და ერთ-ერთ აუდიო-ჩანაწერში საუბრობენ ელისო კილაძე და გივი ჯიბლაძე, ეს ჩნაწერი არის ავთენტური. მასზე რაიმე მონტაჟის კვალი არ არის. ასევე მანვე დაადასტურა, რომ ქალის ხმით მოსაუბრე პირის ხმა ეკუთვნის ელისო კილაძეს და მამაკაცის ხმით მოსაუბრე პირი არის გივი ჯიბლაძე.
ჩვენ დავკითხეთ მოწმეები, რომლებსაც უშუალოდ ელისო კილაძე ჰყავთ ნანახი არა მხოლოდ იმ ქოლ-ცენტრში, სადაც უშუალოდ ელისო კილაძის ოფისი იყო მოწყობილი, არამედ სხვა ლოკაციებზეც. ასევე მათ ისაუბრეს ელისო კილაძის როლის შესახებ და განმარტეს, რომ მას არანაირი პირის კუთხით როლი არ გააჩნდა და რომ პირდაპირ იღებდა ის დავალებას ორგანიზებული ჯგუფის წევრის მხრიდან, თუ რომელ ქოლ-ცენტრთან მიმართებით რა რეაგირება უნდა მოეხდინა. მათ შორის ისაუბრეს ცნობილი ბათუმის ქოლ-ცენტრის ეპიზოდზე და განმარტეს, რომ ეს იყო სრულად მიცემული დავალება ბრალდებულისათვის და სწორედ რომ ჯგუფის ინტერესებს ემსახურებოდა ელისო კილაძის მიერ გადადგმული ნაბიჯები", - აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.
პარალელურად კი, სხდომაზე განცხადების გასაკეთებლად ემზადება დაცვის მხარე - ჟურნალისტის ადვოკატის, ნათია კოტრიკაძის განცხადებით, მოითხოვენ, რომ დადგეს იმ მოწმის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც უფლებადამცველის მტკიცებით, ელისო კილძის მიმართ ცრუ ბრალდება გააჟღერა.
რაც შეეხება ხმის ექსპერტიზას, დაცვის მხარე ბრალდების მხარისგან განსხვავებით ირწმუნება, რომ საქმის მასალებში არსად არ არის მითითებული, რომ რომელიმე აუდიოში ელისო კილაძის ხმა ფიგურირებს.
ელისო კილაძე ბრალს არ აღიარებს, ის არავითარ შემთხვევაში საპროცესოსთან დაკავშირებით განცხადებას არ შეიტანს. ჩვენ ყველა მტკიცებულება სადაოდ გვაქვს გახდილი და უნდა დაიკითხოს 16-ვე დაზარალებული და თუკი ვინმე დაადებს ელისო კილაძეს ხელს, და თუ ელისო კილაძის ბრალეულობა გამოიკვეთება, ჩვენ მაშინ საერთოდ დუმილის უფლებას გამოვიყენებთ.
გავაკეთებთ განცხადებას სასამართლოზე ერთი-ერთი მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით, მან ელისო კილაძეს ისეთ რაღაცაში დასდო ბრალი და მან სასასმართლო პროცესზე გააჟღერა, რომ აუცილებლად უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი და ის პირი აუცილებლად უნდა იქნას დაკავებული.
ვიდეო და აუდიო მასალასთან დაკავშირებით წინა სასამართლო პროცესზეც იყო საუბარი. იქ ელისო კილაძე არაფერში არ ღებულობს მონაწილეობას და ვნახოთ ახლა რას მოიტანს პროკურატურა. ჩვენთვის უცნობია... ყველა მტკიცებულება გადმოცემული გვაქვს და არსად ელისო კილაძის ხმა არ არის", - აცხადებსა დვოკატი ნათია კოტრიკაძე.
ცნობისთვის, ელისო კილაძე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე მიმდინარე წლის 18 თებერვალს დააკავეს.
„ქრონიკა +“-ის დამფუძნებლის საქმე ცალკე წარმოებად განიხილება. ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს და დაკავების პირველივე წუთიდან აცხადებს, რომ ის სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია და ყოფილი მაღალჩინოსანის მხილების გამო ისჯება.
რაც შეეხება გივი ჯიბლაძეს, ბიზნესმენს ბრალდებულის სტატუსი აქვს, თუმცა ეს უკანასკნელი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულები არიან: ოთარ ფარცხალაძე, ძმები, დავით და გიორგი მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი და სხვები.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდებულებმა, გივი ჯიბლაძემ, ბენ ანორმა, თორნიკე ჯანელიძემ და გიორგი კამლაძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და "არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას". ოთხივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.