ელისო კილაძის პროცესზე აუდიო ექსპერტი გამოიკითხა, რომელმაც ჟურნალისტის ხმა შეისწავლა
ელისო კილაძე არც ბრალს აღიარებს და არც საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს, - ამის შესახებ მისმა უფლრბადამცველმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დღევანდელ პროცესზე 4 მოწმე გამოკითხეს. მათ შორის აუდიო ექსპერტი, რომელმაც ჟურნალისტის ხმა შეისწავლა.
მოწმის დასკვნის მიხედვით, მან ფარულ ჩანაწერებში არსებული ხმა ელისო კილაძის სხვა აუდიო ჩანაწერს შეადარა და დაადგინა, რომ ეს ხმა ერთი და იგივე პიროვნებას ეკუთვნის.
ეს ფარული ჩანაწერები პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა ჟურნალისტის წინააღმდეგ.
ბრალდების მხარე ამბობს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით, ნამდვილად დასტურდება ის, რომ კილაძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქოლცენტრებთან.
ვინაიდან ელისო კილაძე არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ჩვენ წარვადგინეთ, ექსპერტის წინაშე, მათ შორის სხდომის ოქმის ჩანაწერი, მაგალითად, როდესაც ჩვენ ვრეკავთ ბანკში, ხდება ჩვენი ხმის იდენტიფიცირება და მხოლოდ ამის შემდეგ გვაწვდიან პერსონალურ მონაცემებს, ექსპერტმა განმარტა, რომ ეს ჩანაწერები აბსოლუტურად საკმარისი იყო ხმის იდენტიფიცირებისთვის, გასცა დასკვნა, რომლის თანახმადაც დაადგინა, რომ ელისო კილაძის ხმა იყო იმ საუბრის ერთი მხარე მოსაუბრის. აუდიოჩანაწერი ცალსახად ეხება და ადასტურებს იმას, რომ ქოლცენტრებთან დაკავშირებით, ელისო კილაძე იყო ინფორმირებული და ზუსტად ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრთან შეთანხმებით, გარკვეული პირების, აი, ამ ტერმნოლოგიასაც იყენებს, ვის ქოლცენტრს მიაბამს, მათ შორის ნახსენებია კეზერაშვილიც ამ საუბრებში, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს - უფლებადამცველის განმარტებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ელისო კილაძეს ნამდვილად ჰქონდა კავშირები ქოლცენტრებთან.
მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული მოწყობილობა მოთავსებული იყო ქალთან უფრო ახლოს, ვიდრე მამაკაცთან, მაგრამ როდესაც დავუსვით კითხვა, რომ შესაძლებელი იყო თუ არა მესამე პირი ყოფილიყო ოთახში, მას ჰქონოდა ეს ჩამწერი, ან სადმე ყოფილიყო მიმაგრებული, ამაზე აღნიშნა, რომ ამას ექსპერტი ვერ დაადასტურებსო. შესაძლებელია ჯიბლაძემ ჩაიწერა, ან მანამდე შემოიტანა აღნიშნული აპარატურა და სადმე დაამაგრა,- ამბობს უფლებადამცველმა.
ცნობისთვის, ელისო კილაძე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე მიმდინარე წლის 18 თებერვალს დააკავეს.
„ქრონიკა +“-ის დამფუძნებლის საქმე ცალკე წარმოებად განიხილება. ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს და დაკავების პირველივე წუთიდან აცხადებს, რომ ის სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია და ყოფილი მაღალჩინოსანის მხილების გამო ისჯება.
რაც შეეხება გივი ჯიბლაძეს, ბიზნესმენს ბრალდებულის სტატუსი აქვს, თუმცა ეს უკანასკნელი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულები არიან: ოთარ ფარცხალაძე, ძმები, დავით და გიორგი მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი და სხვები.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდებულებმა, გივი ჯიბლაძემ, ბენ ანორმა, თორნიკე ჯანელიძემ და გიორგი კამლაძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და "არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას". ოთხივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.