სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.