მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ ცნობებს ეხმაურება
ჯანდაცვის მინისტრი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ ცნობებზე კომენტარს აკეთებს - მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ ჩვენს ქვეყანაში პანიკის და ყალბი აჟიოტაჟის შექმნის მიზეზი არ არსებობს.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, „შემთხვევების გამოვლენის ადგილი საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს და მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება“.
ჩვენ ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრო, ბუნებრივია, აქტიურად თვალს ადევნებს სიახლეებს და გარემოებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გროვდება ამ მიმართულებით. ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს გლობალური თანამშრომლობის ისეთი პლატფორმა, როგორიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟების შექმნისთვის არ არსებობს. რაიმე ზომების მიღების საჭიროება აბსოლუტად არ იკვეთება, არავითარი რეკომენდაცია საამისოდ არ არსებობს. ასეთია დღეს მდგომარეობა. რა მონაცემებიც იკრიბება, საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს, მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება. ბუნებრივია, თუ ასეთი არსებობს, ჩვენ დაუყოვნებლივ მზად ვართ ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც დაიცავს საქართველოს მოსახლეობას მსგავსი რისკებისგან“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (“როსპოტრებნადზორი”) გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა. ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.