მასწავლებლის მკვლელობის საქმე - ნია იმნაძის სასამართლო პროცესზე ექიმი გამოიძახეს
მასწავლებლის მკვლელობის საქმე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ბრალდებით დაკავებული ნია იმნაძის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესზე სასამართლოს ექიმი გამოიძახეს.
როგორც სასამართლოდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, სხდომა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერდა, რადგან ბრალდებული იმნაძე ამტიცებდა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურას პროცესზე ის მოზარდები ჰყავს გამოსაკითხად მიყვანილი, რომლებიც გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ.
- ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან - დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- რაც შეეხებაანასტასია ბერუაშვილს მას ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ "ზედმეტ ყურადღებას იჩენდა", რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.
პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.