შსს-მ პროკურატურას გიორგი დავითაძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელის, შალვა ფერაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალურ პროკურატურას მოქმედი პოლიციელის, შალვა ფერაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. შესაბამისი დოკუმენტი "პირველებმა" მოიპოვა.
შალვა ფერაძე გიორგი დავითაძის საქმეში ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსით სარგებლობდა. გამოძიების ვერსიით, დავითაძემ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა. თუმცა, დავითაძის ოჯახი თვეებია ამტკიცებს, რომ თბილისის ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს ფერაძე, რომელიც იმ მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თავადაც ისროდა არარეგისტრირებული იარაღიდან.
ეს შედეგია იმ დიდი ბრძოლის, რაც ჩვენ გავიღეთ ამ საქმესთან დაკავშირებით. უკვე თითქმის 2 წელია ვბრძოლობთ. ისევე, როგორც გიორგი დანაშაული დადასტურდა, ისევე შალვა ფერაძის, რაც იმ დღეს მოხდა, ამას ვადასტურებთ ჩვენ და პროკურატურა. მართალია, შეეცადნენ, რომ შალვა ფერაძის ბრალეულობა გადაეფარათ და მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული, რომ ის გადაერჩინათ ამ დანაშაულისგან, რაც მან ჩაიდინა და ჩაეფარცხათ ეს საქმე, მაგრამ მე მათ არ მივეცი ამის საშუალება.
თვალსაჩინო იყო შალვა ფერაძის დანაშაულიც იქ, ის პროვოცირება, რაც გიორგის გაუკეთა და ამის შემდეგ ორმხრივი სროლის დროს კი, მოხდა დანშაული, მაგრამ აქ არა მარტო გიორგი დანაშაული იკვეთება, თვალსაჩინოა შალვა ფერაძის დანაშაული. დაისაჯონ ეს ადამიანები ისევე, როგორც დაისაჯა ჩემი შვილი, - ამბობს გიორგი დავითაძის დედა.
შალვა ფერაძე ის პოლიციელია, რომელიც ციხის ადმინისტრაციას მოუწოდებდა, ციხის უფროსს, რომ გიორგი დავითაძის მისამართით მათ ძალადობა განეხორციელებინათ.
ახლა საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ფერაძეს არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც ის უმისამართოდა ისროდა.
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე
- 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
- უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს.
- უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
- სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
- მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.