შეიძლება ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის - გოცირიძე ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიებაზე

09.10.26 12:21
შეიძლება ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის - გოცირიძე ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიებაზე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება სურდეთ და სწორედ ამიტომ დაიწყეს გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ.

რა შეეხება “ბიტექსჩეინჯს", გოცირიძე ფიქრობს, რომ აღნიშნული კრიპტოკომპანია სავარაუდოდ აიძულეს, რომ ყეინიშვილი დაებეზღებინათ.

"აქ მთავარი კითხვა ჩნდება - ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა?" - წერს ეკონომისტი. 

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილს უჩივლა ფულის გათეთრების გამო ეროვნული ბანკის მიერ დაჯარიმებულმა კრიპტოკომპანია “ბიტექსჩეინჯმა”-ნანა ყეინიშვილი მისი ოჯახის წევრების მეშვეობით მსგავსი ბიზნესითაა დაკავებული, რაც ინტერესთა კონფლიქტიაო.
სულ ფეხებზე არ ჰკიდია რომელიღაც კრიპტობირჟას სახელმწიფო მოხელის მიერ კანონის დარღვევა, მით უმეტეს-თავად კანონდამრღვევს? ახლა ყველა დაიწყებს ამ კრიპტოკომპანიის საქმიანობის შესწავლას, მის მიერ ფულის გათეთრების ფაქტების ამოქექვას. უნდოდა კი ასეთი საჯარო ცნობადობა, როცა იყო თავისთვის და ეწეოდა კრიპტოთი კანონიერ თუ უკანონო ვაჭრობას? 
მაშ, რა მოხდა? ალბათ ის, რომ ჩაავლეს ყურებში ხელი და კიდევ უფრო მძიმე დარღვევების გამოვლენის მუქარით (რაც არ იქნება გასაკვირი კრიპტოთი ვაჭრობის პირობებში), აიძულეს ყეინიშვილი დაებეზღებინათ.
აქ მთავარი კითხვა ჩნდება - ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა? შეიძლება არც არავის-ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის. ისე, იმასაც ამბობენ ბოროტი ენები, რომ მას მთლად გულზე არ ეხატებოდა ეროვნული ბანკის საქმიანობაო. თანაც სალომე ზურაბიშვილის წარდგენილი კადრი შესაძლოა პოლიტიკურად არასაიმედოდაც მიაჩნდეთ-ეროვნული ბანის შიდა ამბებში ჩახედვა ბევრს არ გაუხარდება რა თქმა უნდა. “ოცნებაში” მიმდინარე შიდა რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხომ ნდობის დაკარგვას უკავშირდება. 
ეროვნული ბანკის საბჭოს რიგითი წევრის პოსტი არის ბუტაფორია. მათ არავინ არაფერს ეკითხება და არ არის ისეთი თანამდებობა, რომ რაიმე გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. აქაც, როგორც ჩანს, შერჩევითი სამართლის პრინციპი მოქმედებს, თორემ რამდენი სახელმწიფო მაღალმოხელეა, რომლის ოჯახის წევრებიც ბიზნესწილებს ფლობენ.
და ბოლოს-ნანა ყეინიშვილს იმუნიტეტი იცავს: ვერც გადააყენებენ და პარლამენტის ნებართვის გარეშე ვერც იმუნიტეტს მოუხსნიან.
პარლამენტში მის მიერ წამოწეული საკითხის განხილვაღა აკლდა ამ მომჩივან „ბიტექსჩეინჯს“,- წერს  რომან გოცირიძე. 

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.