გამოძიების დაწყების გამო, სებ-ი საბჭოს სხდომებზე ნანა ყეინიშვილის დროებითი აცილების საკითხს განიხილავს
გამოძება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ - საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიების დაწყების გამო, სებ-ი საბჭოს სხდომებზე მის დროებითი აცილების საკითხს განიხილავს.
"საქართველოს ეროვნული ბანკი გაეცნო შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების წერილებში დასახელებულ გარემოებებს და შესაბამისი პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. თუმცა, ვინაიდან წერილში აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება.
ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო არ დადგება სრული სიცხადე, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.
რაც შეეხება თავად ვირტუალური აქტივების პროვაიდერ შპს „ბიტექსჩეინჯს“, გაცნობებთ რომ აღნიშნული სუბიექტი დაჯარიმებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის მისი გეგმური შემოწმების შედეგად", - ნათქვამია განაცხადებაში.
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.