საქმე გახარიას წინააღმდეგ - დაცვის მხარემ პროცესზე სუს-ის ანგარიშში წარადგინა, სადაც ფიქსირდება სახელმწიფოს პოზიცია 2019 წელს
საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროცესები ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე - დღეს გიორგი გახარიას ადვოკატებმა პროცესზე სუს-ის ანგარიში წარადგინა, სადაც ფიქსირდება თუ რა იყო სახელმწიფოს პოზიცია 2019 წელს.
ბერდია სიჭინავას თქმით, დოკუმენტში წერია, რომ 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული ევროკავშირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად აფიქსირებდა მონიშვნებს ჩორჩანის ტყეში.
"ამასთან, ყველა იმ პარლამენტარის გვარი და სახელი იქნა წაკითხული, რომლებმაც ამ ანგარიშებს დაუჭირა მხარი, დღეს რომ რაღაცებს სხვანაირად საუბრობენ" - ამბობს ბერდია სიჭინავა.
სიმბოლურად, დოკუმენტური მტკიცებულებებით დავიწყეთ, რადგან ბრალდების მხარეს მხოლოდ სუბიექტურად დაინტერესებული პოლიტიკური აქტორები მოჰყავს აქ შეკვეთილი განცხადებებით. შესაბამისად, ჩვენ დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებების დაყრდნობით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას. წარმოვადგინეთ და დავადასტურეთ, რა იყო 2019 წელს სახელმწიფოს პოზიცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირდაპირ წერდა თავის ანგარიშში, რომელიც 2020 წელს მიღებული აქვს პარლამენტს, ყველა კომიტეტს ამასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა აქვს გაცემული და ამ ანგარიშისთვის 87 დეპუტატს აქვს მხარი დაჭერილი.
აქ წერია, რომ 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული ევროკავშირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად აფიქსირებდა მონიშვნებს ჩორჩანის ტყეში, რაც პირდაპირ მიანიშნებდა ტერიტორიულ პრეტენზიებზე სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო, თვითგამოცხადებული რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ინტერესებს კონკრეტულად, ჩორჩანას ტერიტორიასთან დაკავშირებით. იგივე წერია 2021 წლის და 2024 წლის ანგარიშში, ყველა ეს ანგარიში დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნა, ყველა ეს დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა ამ დასკვნებთან დაკავშირებით მიიღო, გამოკვლეული იქნა. ამასთან, ყველა იმ პარლამენტარის გვარი და სახელი იქნა წაკითხული, რომლებმაც ამ ანგარიშებს დაუჭირა მხარი, დღეს რომ რაღაცებს სხვანაირად საუბრობენ.
დღეს, სასამართლო პროცესზე წარმოვადგინეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან დარღვეულია დაცვის კონსტიტუციური უფლება გიორგი გახარიასთან მიმართებით, რომლებმაც დაცვის მხარეს მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა შეუზღუდეს. ასევე, სახალხო დამცველმა კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინა დარღვევა და რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მტკიცებულების მოპოვების უზრუნველყოფისთვის ინფორმაცია გამოეცა. 20 დღიანი ვადა ჰქონდათ მათ, რომ ეს რეკომენდაცია შეესრულებინათ, ეს რეკომენდაციები არ შესრულდა, შესაბამისად, დარღვევა დაადგინა სახალხო დამცველმა, რაც პირველი ინდიკატორია, რომ მოცემულ საქმეზე მართლმსაჯულება არ იყო დაინტერესებული ობიექტური გამოძიებით.
ასევე, წარმოვადგინეთ სტატიები, თუ რას საუბრობდნენ თეა წულუკიანი, ანრი ოხანაშვილი და თანამდებობის სხვა პირები ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით. ასევე, გამოვიკვლიეთ, ეგორ კოჩიევის განცხადება, რომელიც ტაშს უკრავს საქართველოს პროკურატურას გიორგი გახარიას მიმართ დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნისთვის და მოუწოდებს, თუ დაიწყეს დევნა გახარიას მიმართ, ახლა დროა, ჩორჩანას საგუშაგოც აღებული იყოს“, - განაცხადა სიჭინავამ.
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს