პროკურატურამ ამ დრომდე არ იცის, სად იმყოფება ბუსა ჟვანია

15.10.26 17:26
პროკურატურამ ამ დრომდე არ იცის, სად იმყოფება ბუსა ჟვანია

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - პროკურატურამ ამ დრომდე არ იცის, სად იმყოფება  მკვლელობის დამკვეთად დასახელებული ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბუსა ჟვანიას სახელმწიფო ეძებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ოფიციალურად გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია, რომ ოფიციალურად, ბესარიონ ჟვანიას სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს. აქვე განვმარტავ, როცა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, დაუყოვნებლივ, ბრალდების მხარის მიერ გამოცხადდა ძებნა, როგორც ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე, ასევე ინტერპოლის მეშვეობით და დღემდე მიმდინარეობს ძებნა. რაც შეეხება შეკითხვას, სად არის ბესარიონ ჟვანია, ვინაიდან მასთან დაკავშირება ვერ მოხდა, ჩვენ დავუკავშირდით ოჯახს, ოჯახმა ადვოკატები ჩართეს საქმეში, ამიტომ სად არის ბესარიონ ჟვანია, კონკრეტულად ალბათ უფრო ადვოკატებმა იციან, სახელმწიფო მას ეძებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - აცხადებს ვეფხვაძე.

კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

  • ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის 16 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 

კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ასევე მსჯავრდებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.