სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის მიღება შეაჩეროს

27.10.26 16:41
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის მიღება შეაჩეროს

სახალხო დამცველი კაზინოებისთვის საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების უფლების მინიჭებას ეწინააღმდეგება და პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შეჩერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი.

ლევან იოსელიანის შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია საზოგადოებისთვის ასეთი სენსიტიური საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, სათანადო ექსპერტული ჩართულობისა და ადამიანის უფლებებზე შესაძლო გავლენის სრულყოფილი შეფასების გარეშე.

ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ავტორები ცვლილებების მიზნად ტურიზმის განვითარებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ასახელებენ, განმარტებით ბარათში არ არის შეფასებული აზარტული თამაშების შესაძლო გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, სოციალური ზიანი და მისი პრევენციის ხარჯები.

ამასთან, დოკუმენტი არ მოიცავს საერთაშორისო გამოცდილების ანალიზს და არ ასაბუთებს, რატომ არ უნდა მოახდინოს ცვლილებებმა გავლენა ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, ფინანსურ სირთულეებზე, ოჯახურ კონფლიქტებსა და არასრულწლოვანებისთვის შესაძლო ზიანზე.

„სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტების განხილვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკითხის ყოველმხრივ და სრულყოფილ შესწავლას, მათ შორის, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ფართო და სათანადო ჩართულობას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების შეფასება არ შემოიფარგლოს მხოლოდ მატერიალური სარგებლის განსაზღვრით და სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე მათი შესაძლო გავლენა და დაკავშირებული რისკები, - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზების შესაძლებლობას აძლევს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.

მსგავსი სიახლეები