ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო "ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

10.11.26 14:49
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო "ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესი“ "ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების გამო აქებს. 

  • 9 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატიის სათაურია - „ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოზე დასავლეთის ზეწოლას ანეიტრალებს“.

ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო თანახმად, პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობით თბილისი დასავლეთის ზეწოლას უპირისპირდება და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ახერხებს.

მასალის ავტორები ამტკიცებენ, რომ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაზე ეკონომიკური შანტაჟითა და პოლიტიკოსების მიმართ სანქციებით ზეწოლას ცდილობს, რათა ქვეყანა კვლავ საგარეო მართვის ქვეშ მოაქციოს. ამასთან, ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გამტარებლად წარმოაჩენენ.

„რესის“ თანახმად, დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის ეკონომიკურ ბერკეტებს, პერსონალურ სანქციებსა და ფინანსური დახმარების შეჩერებას იყენებს.

სააგენტო ციტირებს „ქართული ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მმართველ გუნდს დასავლეთის სანქციების არ ეშინია.

სააგენტო ასევე ციტირებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 8 ნოემბრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ჩინეთიდან საქართველოში ვაჭრობა და ინვესტიციები იზრდება და მთავრობა ჩინური ბიზნესისთვის ქვეყანაში მუშაობის ხელშეწყობას გეგმავს.

მასალაში საუბარია საქართველოში ჩინური ელექტრომობილების წარმოების შესაძლებლობაზეც.

მსგავსი სიახლეები