მოსამართლე ვასილ როინიშვილს "ოცნებისგან" აინტერესებს, რა სანქციებთან მიერთებას ითხოვდა ევროკავშირი
კონკრეტულად რა სახის სანქციებზე მიერთებას ითხოვდა ევროკავშირი საქართველოსგან - ეს კითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დაუსვა.
- „ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ რა სანქციებიც აქვს ევროპას რუსეთის მიმართ, იმაზე მიერთება, თუ არა? ფინანსურ სანქციებზე მოპასუხემაც გიპასუხათ, რომ დღესდღეობით ფინანსურ სანქციებთან მიერთებულია საქართველო. მე რა კუთხით გეკითხებით იცით? ევროკავშირს რა სანქციებიც აქვს დაწესებული, ითხოვდა მასზე მიერთებას ერთ-ერთი რეზოლუციის შესაბამისად, თუ არ არის ეს სწორი? ევროკავშირს მათ შორის დაწესებული აქვს ტვირთბრუნვის სანქციებიც და ერთმანეთისგან ხომ განსხვავდება ფინანსური და ტვირთბრუნვის სანქციები და მაგას გვთხოვენ თუ არ გვთხოვენ?“ , - იკითხა როინიშვილმა.
არჩილ გორდულაძის თქმით, ახლა პროცესზე არ საუბრობენ თუ რა სანქციები აქვს დაწესებული ევროკავშირს რუსეთის ფედერაციის მიმართ.
„ერთი არის, როდესაც საერთაშორისო დაწესებულ სანქციებს შენ აღასრულებ და მეორე არის, როდესაც შენ უშუალოდ აწესებ სანქციებს. ეს ორი ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებული მოცემულობაა. თან კიდევ საინტერესო ის არის, რომ საერთაშორისოდ გამოცხადებული სანქციების აღსრულებას ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, თუმცა არაერთხელ მიზანმიმართულად გვესმის საუბარი და ბრალდებები, თითქოს საქართველო არის „შავი ხვრელი“ სანქციების გვერდის ავლის.
ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, ევროკავშირს რა სანქციები აქვს დაწესებული და ვის მიმართ და რა სახის არის, ათასობით არის კონკრეტული სანქციები დაწესებული. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში იმართებოდა აქციები, რომელსაც პოლიტიკური პარტიები აორგანიზებდნენ ან მხარს უჭერდნენ, სადაც მოთხოვნილი იყო, რომ არა ევროკავშირის სანქციებს შევუერთდეთო, არამედ საქართველომ დააწესოს სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართო და მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობამ დაუშვას, რომ მოხალისეები ჩარტერული რეისით წავიდნენ, ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
„კარგით, მე თვითონ დავადგენ მაგას, გავარკვევ დეტალურად, მაგრამ თქვენ თუ ნათელს მოჰფენდით, ჩემთვის უფრო მარტივი იქნებოდა“, - უპასუხა მას მოსამართლე როინიშვილმა.