საპატრიარქო: შიო III-მ რუმინეთის ელჩი მიიღო

11.11.26 22:47
საპატრიარქო: შიო III-მ რუმინეთის ელჩი მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი რაზვან როტუნდუ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

აღინიშნება, რომ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდა.

საპატრიარქოს თანახმად, შეხვედრაზე ქართველ და რუმინელ ხალხებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, სულიერ და კულტურულ კავშირებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წმინდა ანთიმოზ ივერიელის მრავალმხრივ მოღვაწეობასა და მის ისტორიულ მემკვიდრეობას.

რუმინეთის ელჩის ინფორმაციით, ბუქარესტის მახლობლად რადუ-ვოდას დედათა მონასტერი გეგმავს, გახსნას ახალი სავანე, რომლის მფარველ წმინდანად ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი ნინო აირჩიეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, რუმინეთის საეკლესიო კალენდარს ღირს მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის (ურგებაძე) ხსენების დღე დაემატა. რუმინეთში ამ დღესასწაულს ოფიციალურად წელს პირველად აღნიშნავენ.

დასასრულს მასპინძლებმა სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს, რის შემდეგაც მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს“, - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები