პენსიონერი ცოლ-ქმარი ბინის გამო ჩაცხრილეს - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული 62 წლის კაცი სახლის ყოფილი მეპატრონეა

12.11.26 11:19
პენსიონერი ცოლ-ქმარი ბინის გამო ჩაცხრილეს - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული 62 წლის კაცი სახლის ყოფილი მეპატრონეა

პენსიონერი ცოლ-ქმარი დიდუბეში ბინის გამო ჩაცხრილეს - როგორც "პირველებმა" გაარკვია, 72 წლის სოსო სუჯაშვილმა და მისმა მეუღლემ, ნანა ფირანიშვილმა ცოტა ხნის წინ დიდუბეში, სადაც მკვლელობა მოხდა, იპოთეკით დატვირთული ბინა აუქციონზე შეიძინეს, რის შემდეგაც მათთან კავშირზე გავიდა ბინის ყოფილი მეპატრონე და ცოლ-ქმარს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბინის უკან დაბრუნება შესთავაზა.

"პირველების" ინფორმაციით, შეთანხმება მხარეებს შორის ვერ შედგა, რის შემდეგად ბინის ყოფილმა მფლობელმა პენსიონერებს ლიფტთან ჩასაფრება მოუწყო და ორივეს ავტომატური იარაღიდან ესროლა.

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 62 წლის კაცი, რომელიც პოლიციამ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა დანაშაულის ადგილზე მარტო არ იმყოფებოდა. არსებობს ვერსია, რომ მასთან ერთად დიდუბეში იყო კიდევ ერთი პირი, რომელიც სიტუაციას კორპუსის გარეთ ზვერავდა, ხოლო თავად დაკავებული ლიფტთან იყო შეიარაღებული ჩასაფრებული. 

სისხლიანი გარჩევა დიდუბეში გუშინ ღამით მოხდა - ცოლ-ქმარი სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. პენსიონერები მცირე ბიზნესით იყვნენ დაკავებულები, ისინი ავეჯის სახლ "საბაში" ვაჭრობდნენ. სწორედ "საბადან" სახლში ბრუნდებოდნენ, როცა სადარბაოს ლიფტთან მათ შეაიარაღებული პირი დახვდათ.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე შსს-მ 62 წლის კაცი დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.