პროკურორი: ფეიქრიშვილის ტელეფონი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი
ვის შესახებ ინახავს ფარულ ჩანაწერებს ფეიქრიშვილების ტელეფონი - პროკურორი ამბობს, რომ ამოღებული ტელეფონი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
ფეიქრიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ციხეში მასზე თავდასხმის მიზეზად სწორედ მობილურში შენახული ჩანაწერები დაასახელა.
"შენ ჩანაწერები გაქვსო მეუბნებოდნენ" - უყვებოდა ფეიქრიშვილი მოსამართლეს და დააზუსტა, რომ ამ ჩანაწერით უნდა დამტკიცებულიყო, რომ ის მართალი იყო.
ტელეფონები, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რომელიც ჩაატარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ამოღებული იყო სხვა პირად ნივთებთან ერთად, რომლებიც დალუქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. როგორც საქმით დგინდება, შენახვის ადგილად მითითებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობა.
აღნიშნული ტელეფონები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, - ამბობს დევიძე.
კითხვას, აღმოჩნდა თუ არა დავით ფეიქრიშვილის დალუქული ტელეფონი მესამე პირის ხელში, დევიძე არ პასუხობს და აცხადებს, რომ ამ საქმეს სხვა პროკურორი იძიებს, ამიტომ მას პასუხები არ აქვს.
აღნიშნულ საქმეს, სხვა საპროცესო ზედამხედველი პროკურორი ხელმძღვანელობს, შესაბამისად, ეს კითხვა სხვა პროკურორს უნდა დაუსვათ, - ამბობს ის.
დევიძე ფეიქრიშვილების დედის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ის შვილის ჯანმრთლეობის მდგომარეობაზე საუბრობდა, გადაწყვიტეს მიეცათ შესაძლებლობა, ოჯახს დაკავშირებოდა.
ასევე, როდესაც დავით ფეიქრიშვილის დედა აკეთებდა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებებს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავითს მისცემოდა საშუალება, რომ ოჯახის წევრებს დაკავშირებოდა",- განაცხადა დავით დევიძემ.