მაისაშვილი დარწმუნებული არ არის, რომ ის ადამიანები გაუშვეს ციხეში, ვინც მასზე ძალადობაში მონაწილეობდა
მას შემდეგ, რაც სასამართლომ ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ორ სპეცრაზმელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, თავად დაზარალებული ამბობს, რომ დარწმუნებული არ არის, ნამდვილად ის ადამიანები დაისაჯნენ თუ არა, ვინც უშუალოდ მასზე ძალადობაში მონაწილეობდნენ.
მაისაშვილის თქმით, მას და კიდევ ერთ დაზარალებულ გურამ როგავას, სხვადასხვა მიზეზებით არ ეძლეოდათ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა.
ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიყავი, როდესაც დამიკავშირდა გამომძიებელი და მაშინვე მივეცი ჩვენება, რა მოხდა, თუმცა, შემდეგ ვერცერთ სასამართლოზე ვეღარ შევძელით ვერც მე და ვერც გურამ როგავამ დასწრება, მიზეზები იყო სხვადასხვა, რის გამოც ვერ შევდიოდით ჩვენ. მაინც ვერ ვართ დარწმუნებულები, ეს ადამიანები არიან თუ არა, პროცესი იყო დახურული, რადგან ამ საქმეში არანაირი მტკიცებულებები არ იყო. წელიწადნახევარი იყო გასული ამ საქმიდან და რეალურდ არანაირი ქმედება არ იყო, იმისთვის, რომ გამოძიება წასულიყო წინ,- ამბობს მაისაშვილი.
სასამართლომ ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ორ სპეცრაზმელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და ორივე მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ინციდენტი 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული პროევროპული აქციის მიმდინარეობისას მოხდა. არსებული მასალების მიხედვით, სამართალდამცავებმა მაისაშვილი წააქციეს და ძირს დაგდებულს თავისა და სახის არეში ფეხით სცემეს.