დატოვებს თუ არა ციხეს დათუნა სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული - გიორგი მენაბდე მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია
დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმე - საქალაქო სასამართლოში თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მომხდარ სასტიკ დანაშაულში ბრალდებული სასულიერო პირის შვილის პროცესი მიმდინარეობს.
გიორგი მენაბდე მოსამართლის წინაშე პირველად მას შემდეგ წარდგება, რაც მოკლული დათუნა სარალიძის მამამ პრეზიდენტს ყველა დაკავებულის შეწყალების თხოვნით მიმართა.
პროცესზე მივიდა მამა შიო მენაბდეც, თუმცა მან "ტვ პირველთან" კითხვა, მიმართავს თუ არა ოჯახი სალომე ზურაბიშვილს შვილის შეწყალების თხოვნით, უპასუხოდ დატოვა.
რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატს, დავით დადიანის თქმით, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან მოსამართლეს გადაწყვეტილება არ გამოუტანია.
მისი თქმით, გიორგი მენაბდე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობას არ აღიარებს. ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.
ცოტა რთულია, როცა ადამიანი ამბობს, რომ არ ვარ დამნაშავე და ამ დროს შეწყალების თხოვნით მიმართოს (პრეზიდენტს) ლოგიკაში არ ჯდება. დასრულდება სასამართლო, ვნახავთ, რამდენად საფუძვლიანია თავად ზაზა სარალიძის განცხადება. ეს წერილობითი უნდა იყოს, რომ მიიღოს გარკვეული რეაქცია შემდგომში.
მიგვაჩნია, რომ ერთი საეჭვო მოწმის გარდა, პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს"- თქვა ადვოკატმა.
გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 16 აპრილს შეეფარდა. სამართალდამცველებმა ის 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო ორგანოების მტკიცებით, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩა N4-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს გ.ჯ.-მ, მ.კ.-მ და გ.მ.-მ, ბასრი საგნების გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, 12 ჭრილობა მიაყენეს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს.
მიყენებული ჭრილობების შედეგად დავით სარალიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.