მოგვეცით დრო, რომ ახალ კანონზე გადავეწყოთ - ნიკა გვარამია ხელისუფლებას
მოგვეცით დრო, რომ ტელევიზიებმა და სარეკლამო ბაზარმა ახალ კანონზე გადაწყობა შევძლოთ, - აღნიშნული თხოვნა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ითხოვა. საქმე ეხება აზარტულ თამაშებთან მიმართებაში კანონმდებლობის გამკაცრებას, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
მესმის სახელმწიფოს ინტერესი, მეტსაც ვეტყვი, ვეთანხმები სახელმწიფოს ინტერესს, რომ ადამიანები დაცულები იყვნენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შეზღუდვა, რომელიც თქვენ პირთა წრის მიხედვით გააკეთეთ, არის ამისთვის სავსებით საკმარისი. თუ მაინც არ არის სავსებით საკმარისი, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს: პირველი - დრო მაინც მოგვეცით, რომ ჩვენ შევძლოთ, მთელმა სარეკლამო ბაზარმაც შეძლოს და ჩვენ, ტელევიზიებმა, შევძლოთ ამაზე გადაწყობა. ბაზარს დაანგრევთ ისე, რომ ოპოზიციური ტელევიზიები უბრალოდ ვერ შეძლებენ მაუწყებლობას. შესაბამისად, ეს დახურვები მოხდება და ამას დაერქმევა ამ კანონის სახელი და ეს კანონი ვინ არის? საპარლამენტო უმრავლესობა, - თქვა გვარამიამ.