რეგულაციების შემთხვევაში შემოსავლების 20%-ს დავკარგავთ - ნანა აბურჯანიძე

14.12.21 18:20
რეგულაციების შემთხვევაში შემოსავლების 20%-ს დავკარგავთ - ნანა აბურჯანიძე

ტვ პირველის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე ამბობს, რომ თუ აზარტული თამაშების აკრძალვის კანონპროექტი ძალაში შევა, ტელეკომპანია შემოსავლის მინიმუმ 20%-ს დაკარგავს.

აბურჯანიძის განცხადებით,  კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომ მოსალოდნელ შედეგებზე საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენტური პირების დასკვნები არ გააჩნია.

ისედაც მყიფეა ქართული სარეკლამო ბაზარი, ამ ,,მდუღარე ეკონომიკის" პირობებში წლიდან წლამდე იკლებს შემოსავალი.  ამ კლების ფონზე კონკრეტულად აზარტული თამაშების შესახებ კანონის მიღება დაგვაყენებს რეალობის წინაშე, რომ შემოსავლების 20%-ს დავკარგავთ. ეს თანხა არის ჩვენი ტელევიზიისთვის საარსებოდ მნიშვნელოვანი. ახლა ჩვენ ვიგებთ, რომ 2022 წლის ბიუჯეტის განსაზღვრა 20%-ით ნაკლები თანხით უნდა დავიწყოთ. 

ვისაც ეხება ეს ცვლილებები, იმათთან არც ერთი კონსულტაცია არ ჩატარებულა, ანუ პრემიერმა რაღაც თქვა და მეორე კვირაში პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაიწყო განხილვა. ეს სფერო არის ძალიან დიდი, მრავალმილიონიანი და ამიტომ დაჩქარებული წესით ამ კანონის განხილვა იმას ნიშნავს, რომ არ აქვთ დათვლილი, რა ზიანს მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი - განაცხადა ნანა აბურჯანიძემ ,,ტვ პირველის" ეთერში.

პარლამენტის კომიტეტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონს  აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებაზე. კანონპროექტზე მსჯელობა გაერთანებული კომიტეტების სხდომაზე საათზე მეტია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა "ტვ პირველის" დამფუძნებელსა და კომიტეტის  თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შორის. მმართველი პარტიის ლიდერმა კრიტიკული მედიის მენეჯერს "უზრდელი" უწოდა და სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. 

"ქართული ოცნების" გარდა ყველა თანხმდება, რომ სატელევიზიო რეკლამის აკრძალვა, რომელსაც ეს ცვლილებები ითვალისწინებს დამოუკიდებელ მედიას სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის.