ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმე - საერთაშორისო ექსპერტმა ფულის გათეთრების კვალიც კი ვერ იპოვა

15.12.21 11:29
ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმე - საერთაშორისო  ექსპერტმა ფულის გათეთრების კვალიც კი ვერ იპოვა

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში საერთაშორისო ექსპერტმა, პაულინ დევიდმა, ფულის გათეთრების კვალი ვერ იპოვა. ფინანსური ტრანზაქციების მსოფლიო ექსპერტი "პირველებთან" აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარ ხმაურიან დასკვნაზე საუბრობს. ხაზარძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის შესწავლა ექსპერტს საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაუკვეთეს. 

ფულის გათეთრების მტკიცებულება მე ამ საქმეში ვერ ვნახე. შევისწავლე დოკუმენტები, ფაქტები. ჩემი დამოუკიდებელი შეხედულებაა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში არც ფულის გათეთრების მტკიცებულებაა და არც რისკები, უბრალოდ შეუძლებელია, დაამტკიცო ეს ბრალდება, - ამბობს პაულინ დევიდი. 

ექსპერტმა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში ვერც შავი ფულის ლეგალიზაციის განზრახვა აღმოაჩინა. პაულინ დევიდის თქმით,  ის, რასაც საქართველოს პროკურატურა კრიმინალურ ქმედებას უწოდებს, სინამდვილეშ ჩვეულებრივი ბიზნესტრანზაქციაა. 

საქმეში არც სესხად აღებული თანხის ლეგალიზაციის განზრახვა ჩანს და არც ფულის უკანონო წარმომავლობის ანუ შავი დამალვის. სასესხო ტრანზაქცია, რომელშიც პროკურატურის თქმით, კრიმინალური ქმედებაა, რეალურად, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი კომერციული ბიზნეს გადარიცხვაა, რომელსაც არ აქვს მიზანი დამალოს უკანონო შემოსავლები. ეს გადარიცხვა გამჭვირვალეა და ობიექტურად ფულის გათეთრებასთან შეხება ვერ ექნება. ამ საქმეში არაფერია იმის დამადასტრურებელი რა ვერსიასაც ბრალდების მხარე გვთავაზობს, - ამბობს ექსპერტი. 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის ბოლო სასამართლო სხომა ხვალ არის ჩანიშნული. გამოიყენებს თუ არა პაულინ დევიდის დასკვნას სასამართლო ჯერჯერობით უცნობია.

 

მსგავსი სიახლეები