„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს

18.12.21 14:53
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და წევრისთვის მიმართვის ბრალდებით,  5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს წევრებისთვის მიმართვის ბრალდებით 5 პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური უთანხმოების გამო მოდავე მხარეებმა არსებული დავის მოსაგვარებლად მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს: ი.მ.-ს, გ.გ.-ს და კ.ჟ.-ს, რომლებიც აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, თავის მხრივ დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“.

ამის შემდეგ, ქურდული სამყაროს“ წევრებმა, მოდავე მხარეებთან ერთად, ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევისთვის რამდენიმე შეხვედრა გამართეს თბილისში, წინასწარ დაქირავებულ ბინაში, ასევე, ერთ-ერთი მოდავე მხარის ოფისში. შეხვედრებზე "ქურდული სამყაროს" წევრებმა მოუსმინეს დაპირისპირებულ მხარეებს და დაავალეს, სადავო ფულიდან - 50 000 ლარიდან ობიექტურად განსაზღვრული კუთვნილი წილების ერთმანეთისთვის გადახდა, ასევე, ორივე მხარეს მოსთხოვეს მათ დავაში ჩართული "კანონიერი ქურდებისათვის" გარკვეული თანხის გაგზავნა. მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდნენ კუთვნილ წილებზე, რის შემდგომაც "ქურდული სამყაროს" წევრებმა ისინი დაავალდებულეს, ჩასულიყვნენ საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც უკვე ქურდული გარჩევის საფუძველზე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

დანაშაულები 7-დან 10-მდე წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.