ორსულ ცოლს დანით 30-მდე ჭრილობა მიაყენა - პროკურატურა ვაზისუბანში მომხდარ მკვლელობაზე
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს კაცს ბრალდება წარუდგინა.
საქმის მასალების თანახმად, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა.
ახალგაზრდა კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საზარელი მკვლელობა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში გუშინ ღამე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 23 წლის გოგა გზირიშვილმა ხუთი თვის ორსული მეუღლე, 22 წლის ქეთა კეპულაძე, ერთი წლის შვილის თანდასწრებით მოკლა. ახალგაზრდა ქალის, ქეთა კეპულაძის ცხედარი პროზექტურიდან წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.