თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი- დაკავებულია 11 პირი

04.04.21 14:06
თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი- დაკავებულია 11 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 11 პირი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას. უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს არაერთი უცხო ენების მცოდნე პირი, რომლებიც სისტემატიურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანარიშსწორებით შეძენას. დაინტერესების შემთხვევაში ჯგუფის წევრები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელ.ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას.ზემოაღწერილი ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ათეულობით მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. ამ ეტაპისათვის დადგენილი ზიანის ოდენობა შეადგენს 620 000 ევროს - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე მოძიებულ იქნა და ყადაღა დაედო ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელის - ჯ.ჰ.-ს საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხასაც.

დანაშაულები 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.