,,ენმ"-ს წევრის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

04.04.21 23:36
 ,,ენმ"-ს წევრის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

რუსთავში, ,,ენმ"-დან საკრებულოს დეპუტატის, გიორგი მღებრიშვილის, დაჭრის ფაქტზე ერთი პირი, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ რუსთავში თავის საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს - 1978 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, - წერს შსს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.