რატომ გაათავისუფლეს სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულები - პროკურორის კომენტარი

20.01.22 13:23
რატომ გაათავისუფლეს სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულები - პროკურორის კომენტარი

სააკაშვილის საქართველოში მალულად შემოყვანის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარე პირველ კომენტარს აკეთებს. 

პროკურორ ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, აღიარებითი ჩვენება გახდა საპატიმროდან  ელგუჯა ცომაიას, მამა-შვილ წოწორიებისა და გიორგი ნარიმანიძის გირაოთი გათავისუფლების საფუძველი.

ბრალდების მხარე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში ფარულად შემოყვანის საქმეში ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებასაც გაუფორმებენ.

ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავოდ. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება- ეს არის ახალი გარემოება. გარდა ამისა, ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, აქედან გამომდინარე, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდების მხარეც დაეთანხმა და მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას და მოსამართლემ მათ შეუცვალა გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით. ბრალდებულების აღიარება წარმოადგენს სასჯელის შემსუბუქების საფუძველს, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის. - განაცხადა პროკურორმა.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე ბრალდებულები მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. ელგუჯა ცომაიამ,  გიორგი ნარიმანიძემ, ზურაბ და შალვა წოწორიებმა 5000 ლარი ერთ თვის ფარგლებში უნდა გადაიხადონ. გათავისუფლებულებმა სასამართლოს ეზო უკომენტაროდ დატოვს.

,,პირველები" ინფორმაციით,  ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო, რომ მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოყვანის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ ჟურნალისტებთან აღარ უნდა ილაპარაკონ, ამის გამო ოთხივე ბრალდებულმა სასამართლოს ეზო უკომენტაროდ დატოვა.

მსგავსი სიახლეები